ახალი ამბები

ჰომოფობურ ნიადაგზე ლესბოსელ წყვილს ბავშვის თანდასწრებით თავს დაესხნენ – Tbilisi Pride

21 აპრილი, 2021 • 1397
ჰომოფობურ ნიადაგზე ლესბოსელ წყვილს ბავშვის თანდასწრებით თავს დაესხნენ – Tbilisi Pride

ორგანიზაცია Tbilisi Pride-ის ინფორმაციით, თბილისში ლესბოსელ წყვილს ჰომოფობურ ნიადაგზე მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით თავს დაესხნენ.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც თავდამსხმელმა გაიგო, რომ ერთ-ერთი დაზარალებული Tbilisi Pride-შია დასაქმებული.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ შემთხვევა 20 აპრილს მოხდა, თავდამსხმელი კი 35 წლის მეზობლად მცხოვრები კაცია.

„მოძალადე იგინებოდა და იყენებდა სხვა დამამცირებელ გამონათქვამებს: “წადით აქედან, ლეზბიანკებო!”, “წაეთრიეთ ამ სახლიდან, აქ თქვენი ადგილი არ არის!”, “აქ თქვენ მანქანას ვეღარ გააჩერებთ!” და ა.შ.

გოგონებმა ბავშვი უსაფრთხოების მიზნით მანქანაში დატოვეს, თავად კი გადმოვიდნენ ავტომობილიდან. ამის შემდეგ მოძალადე ერთ-ერთს მიუახლოვდა, შეაფურთხა და განაგრძო ჰომოფობიური შეურაცხყოფა. ყვირილზე შეგროვდნენ სხვა მეზობლებმაც, თუმცა არცერთ მათგანს მსხვერპლებისთვის დახმარება არ აღმოუჩენია.

ოგვიანებით მოძალადემ ჯიბიდან ამოიღო დასაკეცი დანა, გაშალა და წყვილს ემუქრებოდა. ერთ-ერთმა მსხვერპლმა მოახერხა პოლიციის გამოძახება და აღნიშნული ინცინდენტის ტელეფონით გადაღება. იმის მიუხედავად, რომ მოძალადეს ვიდეოს განადგურების მცდელობა ჰქონდა, წყვილმა მოახერხა მტკიცებულების აღდგენა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, თავდამსხმელი წყვილისთვის შეურაცხყოფის მიყენება მას შემდეგაც აგრძელებდა, რაც ადგილზე პოლიცია მოვიდა – „პოლიციელებმა სცადეს მოძალადის დაკავება, თუმცა პირველ ცდაზე ეს შეუძლებელი აღმოჩნდა და დამატებით ორი ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო,“.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, კაცი უკვე დაკავებულია. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დაიწყო- 150-ე (იძულება); 151-ე (მუქარა) და 284-ე (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა). თუმცა, როგორც Tbilisi Pride წერს, გამოძიება ასევე დაწყებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა).

ორგანიზაცია მოუწოდებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • საქმე გამოიძიოს ადეკვატურად, დროულად და ეფექტურად;
  • გამოკვეთოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ნიშნები;
  • საქმის გამოძიება წარმართოს შესაბამისი ცოდნისა და მგრძნობელობის მქონე პირებმა, რათა თავიდან არიდებულ იქნას მსხვერპლთა, მათ შორის არასრულწლოვნის მეორადი ვიქტიმიზაცია;
  • უზრუნველყოს მსხვერპლთა ფიზიკური უსაფრთხოება.

შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს:

  • განახორციელოს ეფექტური ზედამხედველობა გამოძიების პროცესზე და უზრუნველყოს ჰომოფობიური სიძულვილის დანაშაულის ნიშნების გამოკვეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი