ახალი ამბები

“კარტოგრაფების საქმე” სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა

20 აპრილი, 2021 •
“კარტოგრაფების საქმე” სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა

„კარტოგრაფების საქმეზე“ ბრალდებულებმა, ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართეს.

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) ინფორმაციით, საჩივარი მოამზადა დავით ჯანდიერმა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მომჩივნის ინტერესებს წარმოადგენს. საჩივარი მომზადდა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წარმომადგენლებთან თანამშრომლობის ფარგლებში, „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით.

GDI-ის ცნობით, საჩივარი კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას ეფუძნება და უკავშირდება მომჩივნების დაკავებას და პატიმრობაში ყოფნის პერიოდს 2020 წლის 7 ოქტომბრიდან 2021 წლის 28 იანვრამდე. საჩივარში ყურადღება გამახვილებულია კონვენციით დაცული, თავისუფლების უფლების შეზღუდვაზე კონვენციის საწინააღმდეგო მიზნით, კერძოდ, მომჩივანთა დაკავებაზე მმართველი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე.

მელაშვილის და ილიჩოვას სისხლისამართლებრივი დევნისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის – პოლიტიკური ან სხვა ქვენა მოტივის არსებობა – დარღვევაზე მიუთითებს სახალხო დამცველიც სასამართლოს მეგობრის (amicus curiae) მოსაზრებაში.

ამის შესახებ საუბარია სასამართლოს მეგობრის (amicus curiae) მოსაზრებაში, რომლითაც სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. დოკუმენტი ემყარება საქმის მასალების 14 ტომის, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესწავლას. გამოძიების მასალების შესწავლის პარალელურად, სახალხო დამცველმა შეხვედრები გამართა როგორც ბრალდების, ასევე, დაცვის მხარესთან.

ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ივერი მელაშვილის ინტერესებს იცავენ გიორგი მშვენიერაძე და ედუარდ მარიკაშვილი, ხოლო ნატალია ილიჩოვას — ნესტან ლონდარიძე, სულხან კომახიძე და გიორგი მახარაძე. საქმეს მოსამართლე დალი მეტრეველი განიხილავს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა) პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ. დანაშაული ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობით ისჯება. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები კი მიუთითებენ, რომ ილიჩოვა და მელაშვილი პოლიტპატიმრები არიან და მათ გათავისუფლებას ითხოვენ, მათ შორის ელჩების შუამავლობით ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას თავდაპირველად პატიმრობა შეუფარდა, რომელიც მიმდინარე წლის 28 იანვარს, კვლავ ბრალდები მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, გირაოთი შეიცვალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი