ახალი ამბები

რამდენი დეპუტატის შესვლაა საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის

19 აპრილი, 2021 • 2502
რამდენი დეპუტატის შესვლაა საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის

კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას მინიმუმ 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. დღეისათვის პარლამენტში 96 დეპუტატი მუშაობს, შესაბამისად, საჭიროა მინიმუმ 17 დეპუტატი, რათა საკანონმდებლო ორგანომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო რაოდენობის პარლამენტარებს მოუყაროს თავი.

ამ დროისთვის პარლამენტში სადეპუტატო უფლებამოსილებას ახორციელებს 150 წევრიდან 96 დეპუტატი:

  • “ქართული ოცნება” — 84
  • გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდი — 6
  • “ევროპელი სოციალისტები” — 4
  • “მოქალაქეები” — 2

შარლ მიშელის დოკუმენტზე დღეს ხელი მოაწერეს და, შესაბამისად, პარლამენტში შესვლის მზადყოფნა გამოთქვეს:

  • ზურაბ ჯაფარიძემ
  • “ლელომ” (4 დეპუტატი)
  • “სტრატეგია აღმაშენებელმა” თაკო ჩარკვიანის გამოკლებით (3 დეპუტატი)
  • “ევროპული საქართველოს” სიით გასულმა  დავით ბაქრაძემ
  • რესპუბლიკელებმა (2 მანდატი, ერთიანდებოდნენ ენმ/ძალა ერთობაშიას ბლოკში.
  • გირჩის 3-მა წევრმა
  • სალომე სამადაშვილმა (ენმ-ის წევრი, თუმცა ხელი მოაწერა დამოუკიდებლად)

ჯამში, გამოდის 15 მანდატი, რაც პარლამენტში მომუშავე 111 დეპუტატს (96+15) ნიშნავს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ დოკუმენტს უერთდება ევროპული საქართველოს სიით პარლამენტში გასული დეპუტატი არმაზ ახვლედიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯამში, 112 დეპუტატი გროვდება.

[განახლება, 20 აპრილი – რესპუბლიკელების წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ ენმ-ს მსგავსად ის პარლამენტში არ შევა სანამ ციხიდან არ გამოვა ნიკა მელია, სამაგიეროდ ცნობილი გახდა, რომ შეთანხმებას შეუერთდა ენმ-ს სიით პარლამენტში გასული გრიგოლ ვაშაძე]

საკონსტიტუციო უმრავლესობამდე რჩება ერთი მანდატი. დღეს ნეტგაზეთთან საუბარში ევროპული საქართველოს სიით გასულმა კიდევ ერთმა დეპუტატმა შალვა შავგულიძემ არ გამორიცხა ამ დოკუმენტის საფუძველზე პარლამენტში შესვლა.

როგორც ცნობილია,“ევროპულ საქართველოს” არ განუცხადებია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს. შავგულიძეს ვკითხეთ, შევა თუ არა პარლამენტში იმ შემთხვევაში, თუ “ევროპული საქართველო” ხელს არ მოაწერს. მისი თქმით, მიუხედავად “ევროპულ საქართველოსთან” პარტნიორობისა, მას დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს.

გარდა ამისა, ჯერჯერობით დაუზუსტებელია ენმ/ძალა ერთობაშიას სიით გასული ნიკა მაჭუტაძის პოზიციაც, რომელმაც ფეისბუკზე დაწერა, რომ “პოლიტპატიმრები გარეთ უნდა გამოვიდნენ, ხოლო მანდატიანები პარლამენტში შევიდნენ”.  მაჭუტაძესთან დაკავშირებას ნეტგაზეთი ცდილობს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შემოთავეზებულ დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარს აცხადებს “ლეიბორისტული პარტია”, რომელსაც ერთი მანდატი ეკუთვნის. დოკუმენტს დღეს ხელი არ მოაწერეს არც ევროპულმა საქართველომ და არც ენმ/ძალა ერთობაშიამ, რომელმაც სამადაშვილის, რესპუბლიკელების და მაჭუტაძის ჩათვლით, ჯამში, არჩევნებში 36 მანდატი მოიპოვა.

საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმები.

მასალების გადაბეჭდვის წესი