ახალი ამბები

არ დავაფიქსირებთ კრიტიკულ აზრს, თუ პრეზიდენტი რურუას შეიწყალებს – ქართული ოცნება

19 აპრილი, 2021 •
არ დავაფიქსირებთ კრიტიკულ აზრს, თუ პრეზიდენტი რურუას შეიწყალებს –  ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ არ დააფიქსირებს მის კრიტიკულ აზრს, თუ გიორგი რურუას შეიწყალებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. შესაბამისი განცხადება პარტიის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა.

ამ განცხადებით პარტია ეხმაურება შარლ მიშელის დოკუმენტს და ამბობს, რომ პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისების ფონზე – „ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას თანამოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე“.

„ასევე გვსურს ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ გ. რურუასთან დაკავშირებით – ის არც პოლიტიკოსია და არც პოლიტიკურ პროცესში რაიმე გარდატეხის შემტანი პირი. მისი გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში გახლავთ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი.

ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას, სწორედ ამიტომ, არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ამავე განცხადებაში „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ აღნიშნულ ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო პარტიორებთან ერთად.

„ასევე, ჩვენი გადაწყვეტილება პატიმრებთან დაკავშირებით, რომელთა გათავისუფლებას ითხოვს ოპოზიცია, ეფუძნება იმ აუცილებელ პირობას, რომ მომავალში გამოირიცხება ნებისმიერ სისხლისსამართლებრივ საქმეში პოლიტიკური ჩარევა“.

მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებების პირველი ფაზა პრეზიდენტ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის მედიაციით შედეგის გარეშე…

Posted by ქართული ოცნება / Georgian Dream on Monday, 19 April 2021


გიორგი რურუა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

თავად რურუა არ აღიარებს ბრალს იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. 2019 წლის  ნოემბერში სასამართლოზე რურუამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს, ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს, ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს.

ოპოზიცია ამბობს, რომ სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად, რურუას გათავისუფლება მათი პარლამენტში შესვლის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი