გერმანიასა და ავსტრიაში მცხოვრებ ქართველთა მოძრაობამ “მწვანე მომავლისათვის“ განცხადებით მიმართა ევროპის კავშირისა და განვითარებადი ქვეყნების საპარტნიორო ორგანიზაცია Energy Community-ს, რომლის სახელშეკრულებო წევრი 2017 წლიდან საქართველოცაა.
მიმართვის ავტორები ევროკავშირის ინიცირებულ ორგანიზაციას სთხოვენ დაინტერესდნენ ნამახვანჰესის საკითხით, რადგან მათი თქმით, “საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია ენკას შორის შემდგარი გარიგება შესაძლო კორუფციულ და ფარულ ინტერესებზე მეტყველებს”.
მათივე ცნობით, მიმართვაში ხაზგასმულია ისეთი გარემოებები, როგორიცაა “ხელშეკრულების ნაჩქარევად და გასაიდუმლოებული გაფორმება, კომპეტენტური მეცნიერების დასკვნების უგულვებელყოფა ეკოლოგიური კატასტროფის რისკების შეფასებებში, მოსახლეობის ნების იგნონირერება, ხელშეკრულების ხარვეზები ენერგოუსაფრთხოების კუთხით და კორუფციული გარემო ქვეყანაში, განსაკუთრებით ენერგიის წარმოების და გამოყენების სექტორში”
“ჩვენ არ გვრჩება სხვა გამოსავალი, დახმარების ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოძიების გარდა. აშკარად ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობის წევრები და სამშენებლო კომპანია ENKA არ მოქმედებენ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. შეთანხმების კორუფციული შეფერილობა, გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს მთავრობის რეალური მიზანი, ბუნების დაუდევარი ექსპლოატაციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე ენერგიის გამომუშავება – გაყიდვაა და არა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე სწორება. საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს მშენებლობა ძალმომრეობით უზრუნველყოს, მიუხედავად იმისა რომ ის გზა, რომელიც ამ პროექტის განხორციელებისთვისაა შერჩეული არ შეესაბამება ოცდამეერთე საუკუნის ტექნიკურ და სამართლებრივ სტანდარტებს, შეიცავს ფარულ და კორუფციულ ინტერესებს, მივმართავთ თხოვნით თქვენს ორგანიზაციას და ევროკავშირს, გამოიყენოთ თქვენი პოზიცია და ორგანიზაციის შესაძლებლობები, რათა დაგვეხმაროთ სიტუაციის ძირეულ გარკვევაში…“ – წერია მიმართვაში.
მიმართვას ხელს აწერენ: ლიკა კევლიშვილი, მარიკა მეგრელიშვილი, დოქტორი თეონა ჯიბუტი, დოქტორი მირიან გამრეკელაშვილი, პროფესორი ქეთევან ქააძე, დოქტორი ვასო გაბუნია, გელა ხვადაგიანი, ხათუნა გეგეჭკორი, ლანა ბუაჩიძე.