ახალი ამბები

კვლავ აღვნიშნავთ კომპრომისის აუცილებლობას ყველა მხარეს შორის — აშშ და ევროკავშირი

18 აპრილი, 2021 •
კვლავ აღვნიშნავთ კომპრომისის აუცილებლობას ყველა მხარეს შორის — აშშ და ევროკავშირი

საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი აცხადებენ, რომ მიესალმებიან “ურთიერთობების განახლებას” და პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევის იმედს გამოთქვამენ.

“მივესალმებით ურთიერთობის განახლებას, როგორც ნიშანს მზადყოფნისა, გაგრძელდეს კონსულტაციები ფართო შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას”, — წერია განცხადებაში.

განცხადებას წინ უძღოდა შეხვედრა, ერთი მხრივ, საქართველოს პრეზიდენტს, მეორე მხრივ კი — ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს შორის 17 აპრილს, ორბელიანების სასახლეში.

მიმდინარე კვირაში “ქართულმა ოცნებამ” ცალმხრივად მოაწერა ხელი  დოკუმენტს, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას ევროპელმა დიპლომატმა კრისტიან დანიელსონმა ჯერ კიდევ 30 მარტს შესთავაზა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ არ აპირებენ დოკუმენტის ხელმოწერას, ვინაიდან გადაწყვეტილი არ არის მათ მიერ დაყენებული ორი მთავარი საკითხი: “პოლიტიკური პატიმრების”  გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები.

 

ხელისუფლება და ოპოზიცია ისევ ვერ შეთანხმდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი