ახალი ამბები

“ქართული ოცნების” სამარცხვინო ქმედებების მიუხედავად, იმედია, მივიღებთ კანდიდატის სტატუსს – გახარია

21 ოქტომბერი, 2023 • 1734
“ქართული ოცნების” სამარცხვინო ქმედებების მიუხედავად, იმედია, მივიღებთ კანდიდატის სტატუსს – გახარია

პარტია “საქართველოსთვის” დამფუძნებელი, გიორგი გახარია იმედს გამოთქვამს, რომ “მმართველი პარტიის სამარცხვინო ქმედებების მიუხედავად” მივიღებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერმინისტრი აშშ-ევროკავშირის ერთობლივ განცხადებას საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერის შესახებ.

“მადლობას ვუხდით ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს – ევროკავშირსა და აშშ-ს, ერთობლივ სამიტზე გამოხატული მხარდაჭერისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროპული პერსპექტივის მიმართ. იმედია, მმართველი პარტიის სამარცხვინო ქმედებების მიუხედავად, რომ ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპულ მომავალს, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ”, – წერს გახარია პლატფორმა X-ზე.

აშშ-ვეროკავშირის ერთობლივი სამიტი 20 ოქტომბერს, ვაშინგტონში გაიმართა. სამიტის შემდეგ მხარეებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროპული პერსპექტივის მიმართ.

ერთობლივ სამიტში მონაწილება მიიღეს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა. ასევე, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დენ ლაიენმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი