დღეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს ევროკომისიის წინადადებას ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ სავაჭრო ტარიფების შემოღების შესახებ.
ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიამ გაავრცელა.
ევროკომისიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-მა მათ 25%-იანი ტარიფები დაუანონსა ევროკავშირიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე. გარდა ამისა, ტრამპმა ევროკავშირის 27 ქვეყნისთვის სხვა საქონელზე 20%-იანი ტარიფების დაწესების შესახებაც განაცხადა.
“ევროკავშირი აშშ-ის ტარიფებს გაუმართლებლად და საზიანოდ მიიჩნევს. ის ეკონომიკურ ზიანს აყენებს ორივე მხარეს და ასევე გლობალურ ეკონომიკას. ევროკავშირმა მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პრიორიტეტი, რომ იპოვოს გამოსავალი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების საფუძველზე და ეს გამოსავალი იქნება დაბალანსებული და ორივე მხარისთვის მომგებიანი.
წევრი სახელმწიფოების დღევანდელი კენჭისყრა ნიშნავს იმას, რომ საპასუხო ტარიფები, რასაც ევროკავშირი აშშ-ს დაუწესებს, ძალაში შევა. გადასახადების აკრეფა 15 აპრილიდან დაიწყება.
ეს ტარიფები შეიძლება შეჩერდეს ნებისმიერ დროს, თუ აშშ დათანხმდება სამართლიან და დაბალანსებულ მოლაპარაკების შედეგს”, – წერია ევროკომისიის გავრცელებულ განცხადებაში.
2 აპრილს ტრამპმა მსოფლიოს არაერთ ქვეყანას სავაჭრო ტარიფები დაუწესა. მათგან ორმა, ჩინეთმა და კანადამ, უკვე მიიღო აშშ-ისთვის საპასუხო ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება.