ახალი ამბები

დანარჩენი ბარიერების მოხსნაც იგეგმება სიტუაციის შესაბამისად — შალამბერიძე გუმათზე

17 აპრილი, 2021 •
დანარჩენი ბარიერების მოხსნაც იგეგმება სიტუაციის შესაბამისად — შალამბერიძე გუმათზე

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სოფელ გუმათის გზაზე დარჩენილი ბარიერების მოხსნა “სიტუაციის შესაბამისად” იგეგმება. რიონის ხეობაში გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებისა, რომლებიც მეორე კვირაა, ადგილზე არიან შეკრებილნი.

“ბარიერების აღება მოხდა, ნაწილის. იცით, რომ გუშინ საპოლიციო ძალების განახევრება მოხდა. დანარჩენი ბარიერების მოხსნაც იგეგმება თავისთავად, სიტუაციის შესაბამისად. ეს არის პირველი, პატარა ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ გადავდგით.

დიალოგს და მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ყველა ძალებით უნდა შევინარჩუნოთ ეს ფორმატი. მარტივი არ იქნება თავისთავად, იმიტომ, რომ არის საკითხები, რომლებზეც ძალიან ისეთი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს ჩვენც და მათაც”, — უთხრა შალამბერიძემ “რუსთავი2”-ს.

რიონის ხეობაში, სოფელ გუმათის გზის სავალი ნაწილიდან პოლიციამ რკინის ბარიკადები 17 აპრილის ღამით აიღო, თუმცა ჯებირები ისევ ადგილზე რჩება. შესაბამისად, გადაადგილება კვლავ შეზღუდულია.


რიონის ხეობაში, სოფელ გუმათის გზაზე, გადაადგილება მალევე შეიზღუდა მას შემდეგ, რაც ამავე ხეობის სოფელ ნამოხვანში კომპანია “ენკამ”  ნამახვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა. ადგილობრივი აქტივისტები პროექტის განხორციელებას თვეებია, აპროტესტებენ.

ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც პოლიციამ სოფელ ნამოხვანში აქტივისტების მიერ გაშლილი კარვები აიღო, ტერიტორია კი — მოხნეს. ამის შემდეგ, პროტესტმა მთლიანად გუმათთან გადმოინაცვლა.

ხსენებული რკინის ბარიერები პოლიციამ ადგილზე 14 აპრილს აღმართა. ამას წინ უძღოდა დაძაბულობა პოლიციელებსა და “რიონის ხეობის მცველებს” შორის, რომლებიც კვლავ უშედეგოდ მოითხოვდნენ მოძრაობის აღდგენას. მათ, პროტესტის ნიშნად, საავტომობილო გზა გადაკეტილი ჰქონდათ.

ხეობაში არსებული დაძაბულობის ფონზე, 16 აპრილს ქუთაისში ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებს შეხვდნენ. “რიონის ხეობის მცველებმა” 3 მოთხოვნა წარუდგინეს სახელმწიფოს. კერძოდ, შეხვედრიდან გამოსულმა აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა თქვა:

  1. შეწყდეს ხეობაში რეპრესიული პოლიტიკა და გამოლაგდნენ იქიდან პოლიციელები. აიღონ რკინის ფარდა, რომელიც დევს;
  2. შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები;
  3. დავუბრუნდეთ მშვიდობიან პროტესტს ნამახვანში. აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ კარვები, რომლებიც დაგვირბიეს.

სახელმწიფო ამბობს, რომ ამ მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად რამდენიმე დღეა საჭირო.

გუმათი| გზის სავალი ნაწილიდან რკინის ბარიერები აიღეს, თუმცა გადაადგილება ისევ შეზღუდულია

მასალების გადაბეჭდვის წესი