ახალი ამბები

მწვანე ალტერნატივა „რიონის ხეობის მცველებთან“ კომუნიკაციას წყვეტს

5 ივლისი, 2021 • 2222
მწვანე ალტერნატივა „რიონის ხეობის მცველებთან“ კომუნიკაციას წყვეტს

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ წყვეტს კომუნიკაციას მოძრაობასთან „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“.

არასამთავრობო ორგანიზაცია გმობს დღეს, 5 ივლისს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს წახალისებით.

„მიგვაჩნია, რომ ორივემ დიდი წვლილი შეიტანა სიძულვილის გაღვივებაში, რაც დღეს, 5 ივლისს, ჟურნალისტებზე თავდასხმებით, მოძრაობების ოფისების დარბევით და პარლამენტის შენობაზე ევროსაბჭოს დროშის ჩამოხსნით დაგვირგვინდა.

რაც შეეხება ნამახვან ჰესის კამპანიასა და საზოგადოებრივ მოძრაობას „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, მწვანე ალტერნატივა ნამახვან ჰესის აშენების წინააღმდეგი იყო ამ საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებამდე და გააგრძელებს ამ წინააღმდეგობას. ჩვენდა სამწუხაროდ, „რიონის ხეობის მცველებმა“, რომელთაც ამ წინააღმდეგობაში მოკავშირეებად განვიხილავდით, სრულიად მიუღებელი პოზიცია დააფიქსირეს პრაიდთან დაკავშირებით, ხოლო დღევანდელ, ადამიანის უფლებების შემლახავ აქციაში მონაწილეობით, დისკრედიტაცია გაუწიეს მთელ წინააღმდეგობის მოძრაობას. ამდენად, მწვანე ალტერნატივა წყვეტს „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობასთან კომუნიკაციას“, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერები, მათ შორის, ვარლამ გოლეთიანი და მაკა სულაძე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციას მხარდაჭერა გამოუცხდეს.

“რიონის ხეობის მცველები” პრაიდის საწინააღმდეგო პარაკლისს უერთდებიან


ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველზე დილიდან იკრიბებიან. მათ სურთ ღირსების მარშის ჩაშლა, რომელიც თბილისის პრაიდის კვირეულის ფარგლებშია დაგეგმილი.

ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით ჟურნალისტების მიმართ გამოირჩევიან. ბოლო ინფორმაციით, მათი  თავდასხმის სამიზნე, სულ მცირე, 20 ჟურნალისტი და ოპერატორი გახდა, თუმცა ეს რაოდენობა, შეიძლება შეიცვალოს. დაზიანებულია მათი ტექნიკაც. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, როგორ ეჯახება პირი ჟურნალისტებს მოპედით.

ამასთან, ძალადობრივი ჯგუფები შეიჭრნენ “თბილისი პრაიდისა” და “სირცხვილიას” ოფისებში, რომლებიც პრაიდის კვირეულს უწევენ აორგანიზებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი