“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ არჩილ თალაკვაძის დღევანდელი განცხადებიდან ნათელი არაა, “ქართულმა ოცნებამ” უკან დაიხია თუ არა, ვინაიდან, მისი თქმით, სურათი გიორგი რურუასა და ნიკა მელიას საქმეზე, ასევე, ვადამდელ არჩევნებზე ნათელი არ არის.
პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ერთადერთი, რაც თალაკვაძის განცხადებიდან გამოჩნდა, ისაა, რომ მოლაპარაკებების გაგრძელება შესაძლებელია, დანარჩენ საკითხებზე კი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. თუმცა, ამასთან, ჩიხლაძე აცხადებს, რომ ის, რაც თალაკვაძემ დღეს გაახმიანა, შეთანხმებისთვის საკმარისი არ არის:
“ამ განცხადებას სჭირდება დეტალური ანალიზი, ჩვენ ამას გავივლით ჩვენს პოლიტსაბჭოზე, ასევე კონსულტაციები გვექნება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, თუმცა რამდენიმე კითხვა მებადება. ჯერ ერთი – რა უშლიდათ ხელს მაშინაც, რომ არსებული დოკუმენტისთვის თუნდაც ამ საკითხებზე დათანხმებულიყვნენ. ასევე, ბევრი კითხვის ნიშანი რჩება პოლიტპატიმრებთან მიმართებით – რა მექანიზმით მოხდება ორივე პატიმრის გამოშვება, არ არის ნახსენები ამ დოკუმენტში მთლიანობაში.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნების 40%-ზე მიბმას, ეს თავისთავად დანიელსონის დოკუმენტში არ წერია, შესაბამისად, ეს პუნქტია ჩასამატებელი, ოღონდ აქ სერიოზული სამსჯელოა. 40% თვითმმართველობის არჩევნებზე ძალიან პატარა ზღურბლია.
ჩვენნაირ ქვეყნებში ადგილობრივ არჩევნებზე 40% რომ ვერ მიიღოს, მით უმეტეს, ასეთი მეთოდებით, ხელისუფლებამ, მკვდარი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, 40% სადებატო თემაა. არ დაგვავიწყდეს, ლაპარაკია საპარლამენტო არჩევნებზე. ამასთან, საპარლამენტო არჩევნების ადგილობრივ არჩევნებზე მიბმა, და თან 40%-ით, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში დეტალურად განვიხილავთ ყველა ამ წინადადებას. ამაზე ზედაპირულად მსჯელობა ვერ მოხდება”.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი, დაიხია თუ არა უკან „ქართულმა ოცნებამ“. იმიტომ, რომ არ გვაქვს ნათელი სურათი, პოლიტპატიმრებზე და ვადამდელ არჩევნებზეც გზები მოცემული არაა. ისევ და ისევ ვამბობ, ეს განცხადება მოლაპარაკების გაგრძელების შანსს აჩენს, დანარჩენი საკითხები მხარეებმა მოლაპარაკებებზე პირისპირ უნდა გავიაროთ. განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა მოლაპარაკების გაგრძელებისთვის, რისთვისაც ჩვენც მზად ვართ. ის, რაც თალაკვაძემ გააჟღერა, შეთანხმების მისაღწევად საკმარისი არ არის. ეს განცხადება შეგვიძლია ჩავთვალოთ დასტურად, რომ მოლაპარაკები გაგრძელდება”, – ამბობს ჩიხლაძე.