ახალი ამბები

ქუთაისის პოლიციასთან ძმები წულუკიძეების და კიდევ 4 პირის გათავისუფლებას ითხოვენ – Live

16 აპრილი, 2021 •
ქუთაისის პოლიციასთან ძმები წულუკიძეების და კიდევ 4 პირის გათავისუფლებას ითხოვენ – Live

ქუთაისის სამხარეო პოლიციის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რიონის ხეობის დაცვის აქციაში მონაწილეობის შემდეგ 6 პირის, მათ შორის, ძმები წულუკიძეების დაკავებას აპროტესტებენ. ისინი 15 აპრილს დააკავეს.

ფირუზ და რეზო წულუკიძეს, ასევე კიდევ 4 ბრალდებულს, დღეს, 16 აპრილს, წარუდგინეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა 12 აპრილს ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, „ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. ადვოკატების თქმით, ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. აქციის მონაწილეები ქუთაისში ძირითადად ბათუმიდან ჩავიდნენ.

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი მირზა ნოზაძე ამბობს, რომ აქციაზე მყოფი ადამიანები, რომლებიც დააკავეს, პროვოკაციას წამოაგეს რელიგიური ნიშნით.

ადვოკატი ირაკლი შავაძეც ადასტურებს იმას, რომ საქმე პროვოკაციასთან გვაქვს.

„მათ არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გაუკეთებიათ აქციაზე, დაზარალებულები ადასტურებენ ჩვენებაში, რომ დაკავებულებს უთხრეს, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრები ხართ და არ უნდა იყოთ ამ აქციაზეო…”

___

რეზო და ფირუზ წულუკიძეები წარსულში არაერთხელ მიუციათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ისინი მიიჩნევენ, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო სჯიან. ბოლო შემთხვევის დროს სპორტსმენი და ევროპის ჩემპიონი ჭიდაობაში ფირუზ წულუკიძე ამბობდა, რომ მისი ძმა – რეზო წულუკიძე იმიტომ დასაჯეს, რომ ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ დახმარებაზე უარი უთხრა. რეზო წულუკიძის ძმამ, ფირუზ წულუკიძემ, აჭარის მთავრობის აპარატთან გამართულ ერთ-ერთ აქციაზე თქვა, რომ  წინასაარჩევნოდ დახმარებას და პრაქტიკულად, ზონდერჯგუფის შექმნას სთხოვდნენ. ამ საქმეზე საბოლოოდ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ძალადობა დაადგინა და არა ჯგუფური ხულიგნობა, რასაც პროკურატურა ედავებოდა რეზო წულუკიძეს ელდარ ანთაძესთან ერთად.

მასალების გადაბეჭდვის წესი