ოთხი ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ნაწილმა, რომლებმაც მანამდე საპროცესო შეთანხმება გააფორმეს, დღეს, 16 ოქტომბერს გლდანის ციხე დატოვეს. „ტვ პირველის“ ცნობით, უკვე გათავისუფლდნენ:

  1. კახა კვაჭანტირაძე;
  2. მიშო თოლორდავა;
  3. დავით გიუნაშვილი;
  4. გია თოლორდავა;
  5. იური ლომიძე;
  6. გიორგი ტალახაძე.

„მე ახალს არაფერს არ ვიტყვი, მთელმა ქვეყანამ იცის როგორი ხელისუფლებაც გვყავს. მოკლედ ვიტყვი, ფილოსოფიურად – ქოცობა ტეხავს, მართლა ტეხავს.  ყველა პოლიტპატიმარს და არა მარტო პოლიტპატიმარს, პატრიოტ, წესიერ ადამიანებს ვუსურვებ თავისუფლებას. […] ზოგჯერ ტაქტიკური უკანდახევა საჭიროა სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, ამის თქმა მინდა. [სტრატეგიული მიზანია], დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველო“,– თქვა გლდანის ციხიდან გამოსულმა  კახა კვაჭანტირაძემ „ტვ პირველთან“.


24 ივნისს 4 ოქტომბრის 5 განაყოფი საქმიდან მეოთხე ეპიზოდზე მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება. მოსამართლე თამარ მახარობლიძემ 13-ივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა, მაგრამ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 12 მათგანი ციხეს რამდენიმე თვეში დატოვებს.

სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს, გიორგი ტალახაძეს, ბექა მაჭავარიანს, გიორგი კირვალიძესა და კობა ეპიტაშვილს, ბრალის აღიარების სანაცვლოდ, ერთწლიანი რეალური საპატიმრო სასჯელი [დრო, რომელსაც ციხეში გაატარებენ] შეეფარდათ. კიდევ 3 წელი კი, ციხის გარეთ, პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნებიან. საპროცესო შეთანხმება გააფორმა საბა კორძაიამაც, მაგრამ ის უკვე მსჯავრდებულია სხვა დამოუკიდებელ საქმეში და ამის საფუძველზე მისი საპატიმრო სასჯელი არა ერთი წლით, არამედ წელიწად-ნახევრით განისაზღვრა. მანუჩარ მიქელაძემ საპროცესო გარიგებაზე უარი განაცხადა. მას მოსამართლე მახარობლიძემ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.