ახალი ამბები

მიტროპოლიტი სტეფანე “ნამახვანჰესზე”: თუ ხელშეკრულებაში არაფერია პრობლემური, ახსნან

16 აპრილი, 2021 • 1047
მიტროპოლიტი სტეფანე “ნამახვანჰესზე”: თუ ხელშეკრულებაში არაფერია პრობლემური, ახსნან

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) ქადაგებისას “ნამახვანჰესის” საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს მოსახლეობის კითხვებს:

“ახლა ორი სიტყვით მინდა მაინც შევეხო ნამახვანში მიმდინარე და, ზოგადად, რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს იმიტომ, რომ ზოგს ჰგონია, ახლა აქ რაღაც საკითხებს ვწყვეტ და ხანდახან პრობლემებში ვარ, თითქოს არაფერი აღარ მაინტერესებს, რა ხდება.

იყო შეთანხმება დიალოგისთვის, რომელიც არ განხორციელდა და ალბათ საჭიროა, რაღაც გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს დიალოგი შედგეს პასუხისმგებელ პირებთან, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, ყველა კითხვაზე გასცენ პასუხი, და არამხოლოდ ექსპერტებთან იმიტომ, რომ საკითხი დგას ხელშეკრულებასთან მიმართებით, რომელიც არის პრობლემური”, — ამბობს მიტროპოლიტი.

მისი თქმით, თუ აღმოჩნდება, რომ ხელშეკრულებაში პრობლემური არაფერია, კომპეტენტურმა პირებმა ეს უნდა განმარტონ, ნაცვლად გზების გადაკვეტისა და კორდონების მოწყობისა:

“როგორც აღმოჩნდა, თუ სიმართლეა, ვთქვათ და, არაფერი პრობლემური არ არის ამ ხელშეკრულებაში, მაშინ რა პრობლემაა, დადგეს პასუხისმგებელი პირები და ახსნან, ეს ასეა, ეს ისეა და არანაირი პრობლემა აღარ იქნება, დასრულდება ეს პროცესი. რად უნდა იქ ან გადაკეტვა გზებისა, ან რაღაცა კორდონების მოწყობა, ან რაღაც ძალისმიერი მეთოდებით გაჩუმება, ეს ხომ არ გაჩერდება?!

შინაგანად ადამიანს თუ დარჩა აზრი, რომ ეს რაღაცა არ ხდება სწორად, უამრავ ხალხს გაუჩნდა რაღაც გარკვეული ასეთი უნდობლობა ამ საკითხთან მიმართებით” ,— თქვა მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებისას.

სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ საკითხი ძალისმიერი მეთოდით არ უნდა გადაიჭრას, რადგანაც ეს პროცესს ჩიხში შეიყვანს:

“ხომ შეგიძლია, თუ მართალი ხარ და და არაფერი პრობლემა არ გაქვს, ყველაფერი დაწვრილებით ახსნა და დასრულდეს ეს საკითხი. აი, რამდენი ხანია გრძელდება და სულ რაღაცა, აი, ვერ მოიძებნა საშუალება, რომ ნორმალური კომუნიკაცია შედგეს და ყველას აგვიხსნან, იმ ადამიანებს რომ უხსნიან, ჩვენც გვიხსნიან, ხომ ამბობენ, ხომ ყველას გვაინტერესებს, არავინ არ არის გულგრილად და იმედია, ეს საკითხი ძალისმიერი მეთოდებით არ გადაიჭრება; ეს ჩიხია, ძალისმიერი მეთოდი არის ჩიხი ამ შემთხვევაში.

ეს არ არის, ასე ვთქვათ, უსამართლო ძალა, რომლის აღკვეთაა აუცილებელი, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სწორად აყენებენ საკითხს და არ არის იოლი პასუხების გაცემა, მაგრამ აუცილებელია პასუხების გაცემა. ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნებოდა, მოხერხდეს ამ კითხვების და პასუხების საჯარო განხილვა და საბოლოოდ დამშვიდდეს მოსახლეობა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აღარ იყოს ასეთი მუდმივი დაძაბულობა” ,- აცხადებს მიტროპოლიტი სტეფანე 14 აპრილის ქადაგებაში.


რიონის ხეობის მოსახლეობა, გარემოსა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ნაწილი ნამახვანჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

„ნამახვანი ჰესის“ პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს მდინარე რიონზე. მისი ღირებულება 800 მილიონ აშშ დოლარზე მეტია [თუმცა ქვეყანაში აქედან 527 მლნ იხარჯება] და აშენებს კომპანია „ენკა რინიუებლზ“ [მისი წილების 90%-ზე მეტს თურქული კომპანია „ენკა“ (Enka Insaat ve Sanayi) ფლობს, 10%-ს კი ნორვეგიული „ქლინ ენერჯი ჯგუფი“].

ჰესის პროექტზე არაერთი კუთხით არსებობს კითხვები, — ინვესტორთან დადებულ კონტრაქტზე, მის დეტალებზე, მათ შორის მიწისა და რესურსების გადაცემის ნაწილში, კვლევებსა თუ სხვა ასპექტებზე [ამ ეტაპზე, გირჩევთ წაიკითოთ: სამინისტროსა და EMC-ის არგუმენტები ნამახვანის ჰესის კონტრაქტზე].

რიონის ხეობის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა უკვე 5 თვეზე მეტია, თანდათანობით მომატებულ მხარდამჭერებთან ერთად, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პერმანენტულ აქციებს მართავს და კარვებში რჩება. გაზრდილ პროტესტთან ერთად, „რიონის ხეობის მცველების“ თანახმად, მათი პროტესტის შეზღუდვაც დაიწყო.

ვითარება 2021 წლის პირველი კვარტლის ბოლოსკენ დაიძაბა: 3 აპრილს კომპანიაში ახალდანიშნული დირექტორი მერაბ ლომინაძე [რომელიც ეთნიკური ნიშნით დანიშნეს, — ეკონომიკის მინისტრ თურნავასა და კომპანიის შეთანხმების შედეგად] ხეობაში საპოლიციო ძალის ფონზე ჩავიდა და განაცხადა, რომ კომპანიას უნდა გაეგრძელებინა მოსამზადებელი სამუშაოები.

იმავე დღეს ხეობაში შეიზღუდა გადაადგილების თავისუფლება. მეორე დღისთვის, 4 აპრილისთვის, გუმათჰესთან, — რომელიც სოფელი ნამოხვანიდან (სადაც კარვები იყო გაშლილი) დაახლოებით 18 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, –  უკვე აღმართული იყო საპოლიციო ბლოკპოსტი, რასაც მოსახლეობა ასევე პროტესტით შეხვდა. 14 აპრილს პოლიციამ უკვე რკინის ბარიკადები აღმართა გუმათჰესთან.

ვრცლად წაიკითხეთ:

„საშიში პრეცედენტი“ – ბლოკპოსტი და ბარიკადები რიონის ხეობაში

მასალების გადაბეჭდვის წესი