ახალი ამბები

შეხვედრა ქუთაისში: რა ითქვა უშუალოდ ჰესის მშენებლობის საკითხზე

16 აპრილი, 2021 • 878
შეხვედრა ქუთაისში: რა ითქვა უშუალოდ ჰესის მშენებლობის საკითხზე

ქუთაისში “რიონის ხეობის მცველებსა” და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ აქტივისტებმა თქვეს, რომ მეორე მხარემ ჰიპოთეტურად ჰესის არაშენების ვერსიაც დაუშვა. აღნიშნულზე ხელისუფლების წარმომადგენლებმაც ისაუბრეს ჟურნალისტებთან, თუმცა ხაზი გაუსვეს, რომ მათი ეს დაშვება ჰიპოთეტურობის ფარგლებს არ გასცდენია. შეხვედრის შემდეგ მმართველი გუნდის მხრიდან ითქვა ისიც, რომ დიალოგის დროს არცერთმა მხარემ არ უნდა გაავლოს წითელი ხაზები.

“დღეს გვქონდა პირველი პრეცედენტი იმისა, რომ დაიშვა შესაძლებლობა და მოიხსნა ის აპრიორი მტკიცება, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება. მე ასეთი რამ პირველად გავიგონე, მაგალითად.

რამდენჯერმე გაიმეორეს, რომ თუკი ის შეეწინააღმდეგება საერთო ინტერესს, სახალხო ინტერესს და ხალხის ნების საწინააღმდეგო იქნება ეს პროექტი, არ აშენდება. ეს ითქვა მათი მხრიდან პირველად”, — აღნიშნა შეხვედრიდან გამოსულმა მარიტა მუსელიანმა, რომელიც რიონის ხეობის პროტესტში პირველივე დღეებიდან არის ჩაბმული.

ამ საკითხზე ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთმა აქტივისტმა, მირზა ნოზაძემაც. მისი თქმით, “ძალიან პოზიტიურია მათი[ხელისუფლების] მხრიდან იმის აღიარება, რომ ჰიპოთეტურად ისინი განიხილავენ ჰესის არაშენების ვერსიასაც, თუ, რა თქმა უნდა, ვერ დასაბუთდება ამ პროექტის მიზანშეწონილობა”.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ შეხვედრაზე საკითხი ამგვარად მართლაც დადგა, თუმცა, როგორც აქტივისტებმაც აღნიშნეს, ჰიპოთეტურობის ჩარჩოებში.

“საკითხი იდგა შემდეგნაირად: მე დავუფიქსირე… ჩვენი მთავრობის პოზიცია: ნებისმიერი პროექტი, იქნება ეს ჰესების მშენებლობა თუ სხვა, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს, ჩვენი მოსახლეობის და საზოგადოების ინტერესებს, რა თქმა უნდა, არ იქნება შესრულებული. მაგრამ ეს იყო ჰიპოთეტური შეკითხვა მათი მხრიდან და ამაზე მიიღეს ანალოგიური პასუხი”, — დასძინა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, დიალოგის პროცესში წითელი ხაზები უნდა გამოირიცხოს. მისი თქმით, მხარეები ყველაფერში “პუნქტ-პუნქტად” გაერკვევიან და სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დასკვნების გამოტანა.

“ჩვენ ვთქვით, რომ ხელისუფლებაში, პირადად მეც ამ პოზიციაზე ვარ, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული ამ კონკრეტული ჰესის საჭიროებაში ქვეყნისთვის, ისევე როგორც მეორე მხარეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც ღრმად არიან დარწმუნებულები, რომ ეს ჰესი არავითარ შემთხვევაში არ უნდა აშენდეს.

დიალოგის დროს ასეთ კატეგორიებს გამოვრიცხავთ. “არ უნდა აშენდეს”, ან აუცილებლად უნდა აშენდეს”, ამით დიალოგს არ ვიწყებთ… ამიტომაც ვამბობთ, დიალოგის დროს ვსხდებით, ყველა კითხვას, რაც არსებობს, პუნქტ-პუნქტად ჩავივლით, პუნქტ-პუნქტად გავცემთ პასუხს. შესაბამისად, ან ისინი დარწმუნდებიან ამის საჭიროებაში, ან ჩვენ დავრწმუნდებით საპირისპიროში”, — დასძინა მან.

აქტივისტების 3 მოთხოვნა

აქტივისტ ვარლამ გოლეთიანის თქმით, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, სახელმწიფოს წარმომადგენელთა მხრიდან “დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა”. მისი განცხადებით, აქტივისტებმა შეხვედრაზე სამი მოთხოვნა დააყენეს:

“1) შეწყდეს ხეობაში რეპრესიული პოლიტიკა და გამოლაგდნენ იქიდან პოლიციელები. აიღონ რკინის ფარდა, რომელიც დევს;

2) შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები;

3) დავუბრუნდეთ მშვიდობიან პროტესტს ნამახვანში. აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ კარვები, რომლებიც დაგვირბიეს”.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ხსენებულ მოთხოვნებზე საპასუხოდ რამდენიმე დღეა საჭირო.

გოლეთიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ აქტივისტები გუმათში ბრუნდებიან და პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება; სწორედ ხსენებულ მოთხოვნებზე პასუხების მიღების შემდეგ გაირკვევა, დაიწყება კონსტრუქციული დიალოგი თუ კვლავ დაიგეგმება საპროტესტო აქციები.

სამუშაო შეხვედრა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში რამდენიმე საათის მანძილზე გრძელდებოდა. ის მედიისთვის დახურული იყო.

დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა — გოლეთიანი ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ

აქტივისტებს აღვუთქვი რამდენიმე დღეში პასუხებით დაბრუნება — ბარნაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი