ახალი ამბები

სუბარი არ გამორიცხავს, რომ EU-თან უვიზო რეჟიმი გაუქმდება

18 აპრილი, 2025 •
სუბარი არ გამორიცხავს, რომ EU-თან უვიზო რეჟიმი გაუქმდება

“ქართული ოცნების” განაყოფის, “ხალხის ძალის” წევრი სოზარ სუბარი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი გაუქმდეს. ამის შესახებ სუბარმა “რადიო სივრცეში” სტუმრობისას განაცხადა.

“შესაძლებელია” ,-  დასძინა სუბარმა.

ეს საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფალი ევროპის რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი რამდენიმე თვეში მიიღებს კანონმდებლობას, რომელიც ბრიუსელს გაუმარტივებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ყველა იმ ქვეყანასთან, ვისთანაც ასეთი რეჟიმი აქვთ.

სოზარ სუბარმა უვიზო რეჟიმის პოტენციური შეჩერება წინასწარვე დაუკავშირა “ქართული ოცნების” პროპაგანდისტულ გზავნილებს, რომ თითქოს ვინმე ევროპაში თბილისს ვასალობას სთხოვს. და დასვა კითხვა, თუ უვიზო რეჟიმი შეჩერდება, ქართველებმა უნდა აირჩიონ, რა ურჩევნიათ,” უვიზო რეჟიმი თუ შევინარჩუნოთ საქართველო”.

სინამდვილეში “საქართველოს შენარჩუნება” არაფერ შუაშია იმ განახლებულ წესებთან, რის მიღებასაც ევროკავშირში აპირებენ.

განახლებული მექანიზმის მიხედვით ლაპარაკია იმის შესახებ, რომ ევროკავშირს მიეცემა შემდეგი ახალი საფუძველი უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად შესაბამის ქვეყანასთან. ესენია:

  • როდესაც ევროკავშირის გარეთ მყოფი ქვეყანა არ იცავს იმავე სავიზო წესებს, რასაც ევროკავშირი, და ეს იწვევს უფრო მეტი ადამიანის შესვლას ევროკავშირში, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ქვეყანა გეოგრაფიულად ახლოს არის ევროკავშირთან;
  • ინვესტორის მოქალაქეობის სქემის ფუნქციონირება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეობა გაიცემა წინასწარ განსაზღვრული გადახდების ან ინვესტიციების სანაცვლოდ;
  • ჰიბრიდული საფრთხეები და ხარვეზები დოკუმენტების უსაფრთხოების კანონმდებლობასა თუ პროცედურებში.

ევროკავშირი ასევე შეძლებს შეწყვიტოს უვიზო მიმოსვლა კონკრეტულ ქვეყანათან, თუ მათი საგარეო ურთიერთობა ამ ქვეყანასთან მოულოდნელად გაუარესდება, განსაკუთრებით ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები.

“ქართულ ოცნებას” ევროკავშირთან ურთიერთობა დაეძაბა მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსის მიღების მიუხედავად “ოცნებამ” მაინც დაამტკიცა რეპრესიული რუსული კანონი და დაარბია აქციები. იმ პერიოდში ფიზიკურად გაუსწორდნენ ათეულობით ადამიანს, მათ შორის სახლებთან ჩაუსაფრდნენ ოპოზიციონერ აქტივისტებს და ლიდერებს. ამის შემდეგ, გასული წლის შემოდგომაზე, ევროკავშირმა უარი თქვა მოლაპარაკებების გახსნაზე, რის შემდეგაც  “ოცნებამ” ცალმხრივად შეაჩერა EU-სთან ინტეგრაციის პროცესი და მიიღო კიდევ არაერთი რეპრესიული კანონი, დააანონსა ოპოზიციის აკრძალვა და კრიტიკული არასამთავრობო სექტორისა და მედიის უკიდურესი შეზღუდვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი