ახალი ამბები

ბალტიელი საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის მხარდასაჭერად კიევში ჩავიდნენ

15 აპრილი, 2021 • 782
ბალტიელი საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის მხარდასაჭერად კიევში ჩავიდნენ

სამი ბალტიური ქვეყნის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის, საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში, უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოსახატად გაემგზავრნენ.

ბალტიელი კოლეგები მიიღო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, რომელმაც მათ მადლობა გადაუხადა გამოხატული სოლიდარობისთვის.

“მოხარული ვარ, მივესალმო ჩემს ბალტიელ მეგობრებსა და კოლეგებს კიევში, მაშინ, როდესაც რუსეთი საკუთარი მოქმედებებითა და განცხადებებით  აგრძელებს ვითარების ესკალაციას”, – განაცხადა უკრაინელმა მთავარმა დიპლომატმა საკუთარი თვითერის პოსტში.


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა მოსალოდნელი აგრესიისთვის.

მისივე განცხადებით, 2014 წლიდან მოყოლებული, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შანსი რეალურია. “ჩვენ ეს ვიცით. ეს [თავდასხმა] შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დღეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

დონბასში მცირე ინტენსივობის დაპირისპირება მარტის ბოლოდან მიმდინარეობს, რა დროსაც ერთმანეთის პოზიციებზე შეტევას ახორციელებენ უკრაინის თავდაცვის ძალები და დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკები. კიევის განცხადებით, სეპარატისტულ დაჯგუფებებს ფინანსური და სამხედრო კუთხით რუსეთის ფედერაცია ეხმარება.

პირველ აპრილს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ “რუსეთის ამჟამინდელი ესკალაცია არის სისტემური და უდიდესი, რაც ბოლო წლებში დაფიქსირებულა”.

თავის მხრივ, მოსკოვი უარყოფს, რომ მისი მხრიდან პროცესების რაიმე სახით ესკალაციას აქვს ადგილი. ოფიციალური პოზიციის მიხედვით, რუსეთი საკუთარ თავს კონფლიქტის მონაწილე მხარედაც არ განიხილავს და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირება უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებასა და დონეცკისა და ლუგანსკის ძალებს შორის ბრძოლად მიაჩნია.

მასალების გადაბეჭდვის წესი