ახალი ამბები

აქტივისტი ამბობს, რომ პოლიციელმა თვალში ხელბორკილი ჩაარტყა

15 აპრილი, 2021 •
აქტივისტი ამბობს, რომ პოლიციელმა თვალში ხელბორკილი ჩაარტყა

აქტივისტი ამბობს, რომ პოლიციელმა თვალში ხელბორკილი ჩაარტყა. როგორც ჟურნალისტებს აქტივისტმა უთხრა, პოლიციელის ვინაობა არ იცის, თუმცა მისი ამოცნობა შეუძლია.

“მივედით გიორგი მუმლაძის მხარდამჭერ აქციაზე. შემდეგ დამაკავეს და ძალის გამოყენებით ჩამაგდეს პოლიციის მანქანაში, შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა, უფროსმა ლეიტენანტმა ხელბორკილი  ჩამარტყა თვალსა და შუბლის არეში. სახეზე მახსოვს,  უფროსი ლეიტენანტია, ხელმარცხნივ მეჯდა და კამერებში იქნება დაფიქსირებული. მისი სახელი და გვარი არ ვიცი”,-ამბობს დავით კაპანაძე ჟურნალისტებთან.

მომხდარზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტირის სამსახურმა დაიწყო.

“მიმდინარე წლის 15 აპრილს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, 2021 წლის 14 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრების მიმდინარეობისას , შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან შეკრების მონაწილე დ. კ.-ს მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით”,-უთხრეს ნეტგაზეთს ინსპექტორის სამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი