ახალი ამბები

დღევანდელი დღე ქუთაისში გავათიოთ, მოვაწყოთ პიკეტირება – გოლეთიანი ქუთაისში

14 აპრილი, 2021 •
დღევანდელი დღე ქუთაისში გავათიოთ, მოვაწყოთ პიკეტირება – გოლეთიანი ქუთაისში

„რიონის ხეობის მცველების“ ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, დემონსტრანტები აპირებენ, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, ცენტრალური მოედნის პიკეტირება მოახდინონ და ღამე იქ გაათიონ.

14 აპრილს, 16:00 საათიდან, დემონსტრაციამ გუმათის დასახლებიდან ქუთაისში გადაინაცვლა. ქალაქში აქციაზე ათასობით ადამიანი მივიდა. სწორედ იქ განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა:

„გთავაზობთ და მოგიწოდებთ, შევძლებთ დღევანდელი დღე გავათიოთ აქ და გვქონდეს პიკეტირებული მოედანი“.

„თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ხალხის ხმას, გავაგრძელებთ ქვენის სხვადასხვა ქალაქის ბლოკირებას მანამ, სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები“, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

[მასალა განახლდება]

ბოლოდროინდელი მოვლენები

14 აპრილს, დილის საათებში, გათენებამდე, პოლიციამ გუმათჰესთან რკინის ბარიკადები აღმართა იმ ადგილას, სადაც აპრილის დასაწყისიდან პოლიციის ბლოკპოსტი იყო განთავსებული.

ამაზე პასუხად, რამდენიმე საათში, დემონსტრანტებმა ბარიკადებზე მუშტების ბრაგუნი დაიწყეს და განაცხადეს, რომ ეს ხმაური არის „ქართველი ხალხის ხმა“, რითაც აპროტესტებენ „რიონის ხეობის გაყიდვას“.

ცოტა ხანში პოლიციამ დემონსტრანტებს მოსთხოვა, შეეწყვიტათ „აგრესიული ქმედებები“, რაზეც პროტესტის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათი პერფორმანსი არა აგრესიის გამომხატველი არამედ მშვიდობიანი, თუმცა ხმაურიანი იყო.

პოლიციის ადგილობრივ უფროსთან რამდენიმეწუთიანი დიალოგის შემდეგ, „რიონის ხეობის მცველებმა“ განაცხადეს, რომ შსს-ს 10-წუთიან ვადას აძლევდნენ, რათა დაესაბუთებინა, კონკრეტულად რომელი კანონის რომელი მუხლი უკრძალავს მათ „ბარიკადებზე მშვიდობიანად მუშტების ბრაგუნს“.

10-წუთიანი ვადის გასვლის შემდეგ მათ ხმაური განაახლეს, თუმცა ამის შემდეგ პოლიციის კორდონი ბარიკადის უკანა მხრიდან გამოვიდა და დემონსტრანტებსა და რკინის ჯებირებს შორის ჩადგა.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

სწორედ ამ წუთებში მოხდა მორიგი დაპირისპრება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. „ხეობის მცველების“ ინფორმაციით, ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელიც მათ მხარეს იდგა, ბოთლი ისროლა პოლიციის მიმართულებით, რაც მათ დაგმეს და აღნიშნულ ადამიანს პროვოკატორი უწოდეს.

ვარლამ გოლეთიანმა გამოაცხადა: „ვინც ძალადობით გამოირჩევა, პროვოკატორად ჩაითვალოს და გავუშვათ აქციიდან“. მისი თქმით, ძალადობა არ არის დემონსტრანტების გზა და ვინც ამ ხერხს მიმართავს, დემონსტრაციის წინააღმდეგ მიდის.

13 აპრილს, გვიანობამდე, რიონის ხეობაში დაძაბულობა იყო პოლიციასა და „რიონის ხეობის მცველებს“ შორის.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე „რიონის ხეობის მცველებს“ სოფელ გუმათში საავტომობილო გზა პროტესტის ნიშნად ჰქონდათ გადაკეტილი.

დემონსტრანტები მოითხოვდნენ, რომ პოლიციას მოეხსნა გუმათჰესთან აღმართული ბლოკპოსტი და მისცემოდათ მათ გადაადგილების უფლება სოფელი ნამოხვანისკენ, სადაც თვეების განმავლობაში ჰქონდათ აღმართული კარვები.

მათი მოთხოვნა, — ძირითად მოთხოვნებთან (მშენებლობის შეჩერება, კომპანიის მიერ ხეობის დატოვება) ერთად, — ძალაში რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი