ახალი ამბები

ჩვენი სახელით ჩვენს მუსლიმ ძმებს ლანძღავენ, თითქოს პრობლემა გვაქვს – გოლეთიანი

14 აპრილი, 2021 •
ჩვენი სახელით ჩვენს მუსლიმ ძმებს ლანძღავენ, თითქოს პრობლემა გვაქვს – გოლეთიანი

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობის, „რიონის ხეობის მცველების“ ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ გარკვეული ძალები მოძრაობაში შუღლის შეტანას ცდილობენ.

„ჩვენ უდიდესი სიფრთხილე გვმართებს, რომ მტერმა ვერ დაგვყოს და ისეთი ნარატივი შეუშვას, რომელიც გამოიწვევს შუღლს და დაპირისპირებას შეიტანს ჩვენს ერთობაში“, – განაცხადა გოლეთიანმა 14 აპრილს გუმათჰესთან შეკრებისას.

„მაგალითად, არის ასეთი შემთხვევა, რომ ჩვენს მუსლიმ ძმებს ლანძღავენ ინტერნეტ სივრცეში ჩვენი სახელით, თითქოს ჩვენ მათ მიმართ რაიმე პრობლემა გვაქვს. ეს ასე არ არის, მათ კარგად იციან ეს, მაგრამ უშიშროების სამსაუხური ყველა მეთოდით ცდილობს, რომ დაყოს და დაანაწევროს ჩვენი მოძრაობა“, – ამბობს „რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთი სპიკერი.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, ამ მოძრაობის მსგავსი „პრეცედენტი ბოლო რამდენიმე ათწლეულია, საქართველოში აღარ ყოფილა“. მისი თქმითვე, მოძრაობა ცდილობს, იაროს „იმ ვექტორზე, რაც ავირჩიეთ თავიდანვე და სუფთად გავყვეთ იმ ხაზს“.

წინა დღით, 13 აპრილს, „სოლიდარობის პლატფორმამ“, რომელიც საქართველოს არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენელ ახალგაზრდა აქტივისტებს აერთიანებს, განაცხადა, რომ:

„პროტესტი და მათი ლიდერები გამოირჩევიან ბუნებისა და ადამიანის განსაკუთრებული სიყვარულით და მათი პროტესტი არ არის მიმართული არცერთი ეთნიკური, თუ რელიგიური ჯგუფის ან კომპანიის წინააღმდეგ“.

„მეტიც, ეს პროტესტი უფრო ფართოდ ემსახურება ჩაგრული, ხმაწართმეული ხალხისთვის ხმის და წართმეული უფლებების დაბრუნებას“, – აცხადებენ ისინი.


ბოლოდროინდელი მოვლენები

14 აპრილს, დილის საათებში, გათენებამდე, პოლიციამ გუმათჰესთან რკინის ბარიკადები აღმართა იმ ადგილას, სადაც აპრილის დასაწყისიდან პოლიციის ბლოკპოსტი იყო განთავსებული.

ამაზე პასუხად, რამდენიმე საათში, დემონსტრანტებმა ბარიკადებზე მუშტების ბრაგუნი დაიწყეს და განაცხადეს, რომ ეს ხმაური არის „ქართველი ხალხის ხმა“, რითაც აპროტესტებენ „რიონის ხეობის გაყიდვას“.

ცოტა ხანში პოლიციამ დემონსტრანტებს მოსთხოვა, შეეწყვიტათ „აგრესიული ქმედებები“, რაზეც პროტესტის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათი პერფორმანსი არა აგრესიის გამომხატველი, არამედ მშვიდობიანი, თუმცა ხმაურიანი იყო.

პოლიციის ადგილობრივ უფროსთან რამდენიმეწუთიანი დიალოგის შემდეგ, „რიონის ხეობის მცველებმა“ განაცხადეს, რომ შსს-ს 10-წუთიან ვადას აძლევდნენ, რათა დაესაბუთებინა, კონკრეტულად რომელი კანონის რომელი მუხლი უკრძალავს მათ „ბარიკადებზე მშვიდობიანად მუშტების ბრაგუნს“.

10-წუთიანი ვადის გასვლის შემდეგ მათ ხმაური განაახლეს, თუმცა ამის შემდეგ პოლიციის კორდონი ბარიკადის უკანა მხრიდან გამოვიდა და დემონსტრანტებსა და რკინის ჯებირებს შორის ჩადგა.

სწორედ ამ წუთებში მოხდა მორიგი დაპირისპრება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. „ხეობის მცველების“ ინფორმაციით, ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელიც მათ მხარეს იდგა, ბოთლი ისროლა პოლიციის მიმართულებით, რაც მათ დაგმეს და აღნიშნულ ადამიანს პროვოკატორი უწოდეს.

ვარლამ გოლეთიანმა გამოაცხადა: „ვინც ძალადობით გამოირჩევა, პროვოკატორად ჩაითვალოს და გავუშვათ აქციიდან“. მისი თქმით, ძალადობა არ არის დემონსტრანტების გზა და ვინც ამ ხერხს მიმართავს, დემონსტრაციის წინააღმდეგ მიდის.

წინა დღით, 13 აპრილს, რიონის ხეობაში გვიანობამდე იყო დაძაბულობა პოლიციასა და „რიონის ხეობის მცველებს“ შორის. მათ სოფელ გუმათში საავტომობილო გზა პროტესტის ნიშნად ჰქონდათ გადაკეტილი.

დემონსტრანტები მოითხოვდნენ, რომ პოლიციას მოეხსნა გუმათჰესთან აღმართული ბლოკპოსტი და მისცემოდათ მათ გადაადგილების უფლება სოფელი ნამოხვანისკენ, სადაც თვეების განმავლობაში ჰქონდათ აღმართული კარვები.

მათი ეს მოთხოვნა, — ძირითად მოთხოვნებთან (მშენებლობის შეჩერება, კომპანიის მიერ ხეობის დატოვება) ერთად, — ძალაში რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი