ახალი ამბები

“ნამახვანჰესის პროტესტი არ არის მიმართული არცერთი ეთნიკური, თუ რელიგიური ჯგუფის წინააღმდეგ” — “სოლიდარობის პლატფორმა”

13 აპრილი, 2021 •
“ნამახვანჰესის პროტესტი არ არის მიმართული არცერთი ეთნიკური, თუ რელიგიური ჯგუფის წინააღმდეგ” — “სოლიდარობის პლატფორმა”

“სოლიდარობის პლატფორმა”, რომელიც საქართველოს არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენელ ახალგაზრდა აქტივისტებს აერთიანებს, აცხადებს, რომ თითქმის ყველა რეგიონიდან აკვირდებიან რიონის ხეობაში ნამახვანის ჰესის წინააღმდეგ მიმდინარე მშვიდობიან პროტესტს.

პლატფორმის წევრები აღნიშნავენ, რომ პროტესტი და მათი ლიდერები გამოირჩევიან ბუნებისა და ადამიანის განსაკუთრებული სიყვარულით და მათი პროტესტი არ არის მიმართული არცერთი ეთნიკური, თუ რელიგიური ჯგუფის ან კომპანიის წინააღმდეგ.

განცხადების ავტორების თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, მათ შორის, ზოგიერი თანამდებობის პირის მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს რიონის ხეობის მცველები და ნამახვანის ჰესის წინააღმდეგ ორგანიზებული პროტესტი გამოირჩევა ქსენოფობიური და ანტიისლამური სულისკვეთებით.

მათი განცხადებით, 10 აპრილს სოლიდარობის პლატფორმაში გაერთიანებული აქტივისტები ნამახვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტის ლიდერებს შეხვდნენ:

“ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ პროტესტის ლიდერებთან გამართული შეხვედრის და მეგობრული საუბრის შედეგად კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ აღნიშნული პროტესტი და მათი ლიდერები გამოირჩევიან ბუნებისა და ადამიანის განსაკუთრებული სიყვარულით. ჩვენთან შეხვედრის დროს რიონის ხეობის მცველებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათი პროტესტი არ არის მიმართული არცერთი ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის ან კომპანიის წინააღმდეგ და მათი ამოსავალი წერტილი საკუთარი სახლ-კარის, ბუნების და ღირსების დაცვაა.

მეტიც, ეს პროტესტი უფრო ფართოდ ემსახურება ჩაგრული, ხმაწართმეული ხალხისთვის ხმის და წართმეული უფლებების დაბრუნებას”, – აცხადებენ “სოლიდარობის პლატფორმის” წევრები.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების პრობლემურობაზე საუბრობენ ამ პროცესში ჩართული საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც, რომელთა შეფასებით, აღნიშნული ხელშეკრულება არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არის ხელმოწერილი, არამედ ქვეყნის ე.წ. „ენერგოდამოუკიდებლობის“ ხარისხზეც ვერ ახდენს არსებით ზეგავლენას და აცხადებენ, რომ კომპანია „ენკას“ მიერ ამ პირობებში ჰესის მშენებლობა აზიანებს არა მხოლოდ რიონის ხეობაში და ნამახვანში მცხოვრებ მოსახლეობას, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებს:

“ჩვენ ვაკვირდებით, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კერძო ინტერესების დასაცავად ხეობაში სოფელ გუმათთან მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიციური ძალები, რომელიც აკონტროლებს და ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის და მათი მხარდამჭერების ხეობაში გადაადგილებას და აკავებს პროტესტის მონაწილეებს. 11 აპრილს მათ დაშალეს პროტესტის მონაწილეების კარვები და გადათხარეს ის მიწა, სადაც გაშლილი იყო კარვები”, – ამბობენ განცხადების ავტორები.

მათი თქმით, სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ბიუროკრატია, პოლიტიკური ელიტა და პოლიცია დღეს მსგავსი მეთოდებით რიონის ხეობის მცველების გულწრფელი პროტესტის უგულებელყოფას ცდილობენ. აქტივისტების თქმით, მათი დაკვირვებით, ნამახვანის ჰესის მშენებლობის საკითხზე საზოგადოებაში არსებულ ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, ჩანს რიონის ხეობის მცველების ქსენოფობებად და შოვინისტებად მონიშვნის მცდელობები, რათა მოხდეს არსებითად მნიშვნელოვანი ლეგიტიმური კითხვების გადაფარვა და გულწრფელი პროტესტის დემონიზება:

“ცხადია, ჩვენ ვიხილეთ სხვადასხვა აქციების დროს ადგილზე ორგანიზებული რადიკალური კონსერვატიული ჯგუფები, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში ცდილობდნენ სიძულვილის ენის გამოყენებას, მაგრამ ეს შეფასება არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება გავრცელდეს რიონის მცველების მოძრაობის ლიდერებზე და სახალხო პროტესტის მთავარ შინაარსზე.

მაშინ, როდესაც რიონის ხეობის დაცვის მოძრაობის ლიდერების ენა ჩვენთვის, არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფებისთვის, არ აღიქმება ქსენოფობიურ და ანტიისლამურ ენად, სახელმწიფოს მიერ, რომელიც წლების განმავლობაში თავად იყნებებს შოვინისტურ და ეთნოცენტრისტულ პოლიტიკას ჩვენ მიმართ, ამ არგუმენტების მოხმობა ცინიკური და არასერიოზულია”, – აცხადებენ პლატფორმის წევრები.

საქართველოში მცხოვრები არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფებისთვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ, სახელმწიფოს და პოლიტიკური ელიტის ამ ფორმებით მუშაობა მათთვის ახალი არ არის. თუმცა აღნიშნავენ, რომ მათთვის განსაკუთრებით გაუგებარია სახელმწიფოს მიერ მსგავსი მეთოდების გამოყენება საერთო სახალხო პროტესტის მიმართ, მაშინ, როცა შეკრების მონაწილეები ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების ხელყოფის რისკებზე საუბრობენ.

“ეს გვაფიქრებინებს, რომ ძალაუფლების სათავეში მყოფი ადამიანთა მცირე ჯგუფის ამოსავალი წერტილი მათი ძალაუფლების, ეკონომიკური სარგებელის და პრივილეგიების შენარჩუნებაა. სოლიდარობის პლატფორმაში გაერთიანებული არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენელი აქტივისტები სოლიდარობას ვუცხადებთ რიონის ხეობის მცველებს და ვუერთდებით მათ გულწრფელ პროტესტს.

იმედი გვაქვს, ძალაუფლების სათავეში მყოფ პირებს შორის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც შეძლებენ კაპიტალის ჰეგემონიის წინააღმდეგ ხმის ამაღლებას და დაუბრუნდებიან ბუნებაზე და ადამიანზე ზრუნვის პრაქტიკებს, რომელიც იმთავითვე არის სახელმწიფოს არსებითი ფუნქცია”, – აცხადებენ განცხადების ავტორები.

სოლიდარობის პლატფორმა აერთიანებს სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის აქტივისტებს: ქართველ მუსლიმებს, საქართველოს აზერბაიჯანელებს, საქართველოს სომხებს, ქისტებს, ოსებს, დომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის აქტივისტებს თბილისიდან და ის მიზნად ისახავს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის დიალოგს, სოლიდარობის მშენებლობას და საკუთარი საჭიროებების, წუხილების და პერსპექტივების პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტიურ დაყენებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი