ახალი ამბები

გუმათში აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაძაბულობაა

13 აპრილი, 2021 •
გუმათში აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაძაბულობაა

სოფელ გუმათში, სადაც ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა საავტომობილო გზა პროტესტის ნიშნად გადაკეტეს, პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაძაბულობაა.

აქტივისტთა ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი აქტივისტებს მოუწოდებს, რომ უკან დაიხიონ.

„დღეს უკან ვიხევთ, ხვალ გავაგრძელოთ“ – მოუწოდა ვარლამ გოლეთიანმა აქტივისტებს.

 

ამ წუთებში ისინი იმყოფებიან გუმათის დასახლებასთან, სადაც ასევე მდებარეობს ინვესტორი კომპანია „ენკას“ ტექნიკური ბაზა.

დემონსტრანტები მოითხოვენ, პოლიციამ მოხსნას გუმათჰესთან აღმართული ბლოკპოსტი და მისცეს მათ გადაადგილების უფლება სოფელი ნამოხვანისკენ, სადაც თვეების განმავლობაში ჰქონდათ აღმართული კარვები.

პოლიციის უფროსმა „რიონის ხეობის მცველებს“ განუცხადა, რომ „გონივრულ ვადას“ აძლევს გზის გასახსნელად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი „პროპორციული ძალის გამოყენებით“ დაიმუქრა.

გზა დემონსტანტებმა 11 აპრილსაც გადაკეტეს გუმათჰესთან. თუმცა, როგორც დემონსტრაციის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, იმ ადგილას გზის დაკეტვით ნამოხვანისკენ შემოვლითი გზის გამოყენების შესაძლებლობა კვლავ არსებობდა, ამჟამად კი ეს შესაძლებლობაც არ დატოვეს.

თავდაპირველად დემონსტრანტებმა თქვეს, რომ ვერც კომპანიის ტექნიკა და ვერც სხვა ავტომობილები ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე ვერ გადაადგილდებოდნენ, თუმცა პოლიციის ულტიმატუმის შემდეგ, დემონსტრტანტების თქმით, გზაზე მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას გაუშვებენ.

11 აპრილს, გზის გადაკეტვის შემდეგ, პოლიციამ მათ ასევე მიმართა, გზა გაეხნსათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ „პროპორციული ზომის გამოყენებით“ დაემუქრნენ, თუმცა ამაზე პასუხად ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ თუ პოლიცია ძალას გამოიყენებდა, ისინი ხელაწეულები შეხვდებოდნენ.

იმ ღამით პოლიციასთან დაპირისპირება არ მომხდარა.


პოლიციას უკვე 2 კვირაზე მეტია, გუმათჰესთან ბლოკპოსტი აქვს აღმართული და გადაადგილებას ზღუდავს, ხოლო რამდენიმე დღეა, „რიონის ხეობის მცველებს“ საერთოდ აღარ უშვებს სოფელ ნამოხვანამდე, სადაც მათ პროტესტის გაგრძელება სურთ.

უფლებადამცველი ორგანიზაციებით შეფასებით, პოლიციის ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. წინა დღით 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ სოლიდარობა გამოუცხადა აქციის მონაწილეებს.

ორგანიზაციების განცხადებით, სახელმწიფო უხეშად არღვევს დემონსტრანტების მიმართ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი