თბილისის საქალაქო სასამართლოში ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოს ეზოში კი შეკრებილი არიან ოპოზოციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მელიას მხარდამჭერები.
სასამართლომ 17 აპრილამდე უნდა იმსჯელოს მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე. დაცვის მხარეს აქვს მოლოდინი, რომ აღკვეთის გადასინჯვაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
“დიდი ალბათობით სასამართლო იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიების – დაპატიმრების განგრძობადობასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია იქნება, რომ ნიკა მელია პოლიტიკური პატიმარია და მასთან მიმართებით ნებისმიერი სახის აღკვეთის ღონისძიება უნდა გაუქმდეს. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ თანახმაა გირაოზე. ეს არის პროპაგანდა და სამართლებრივი სივრციდან გასული განცხადებები, თორემ ნებისმიერ დროს შეუძლიათ შევიდნენ გირაოს შუამდგომლობით. რატომ არ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ ეს გამოიწვევს მელიას გათავისუფლებას და დრო მოეცემა შემდეგ ამ გირაოს გადასახდელად”, – განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პროცესის პირდაპირ ტრანსლირებაზე.