“ღია საზოგადოების ფონდი” სოფელ ნამოხვანის მიმართულებით “ბლოკპოსტების” მოწყობას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა გაუგებარი და დაუსაბუთებელია.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებაში წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სოფელ ნამოხვანში 169 დღის განმავლობაში გაშლილი კარვების დაშლის შესახებ შსს-ს მიერ წარდგენილი დასაბუთება ვერ აკმაყოფილებს “უფლებაში ჩარევისთვის საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებების სტანდარტებით დადგენილ საბაზისო მოთხოვნებს”.
“ვეხმიანებით რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს და მივიჩნევთ, რომ გაუგებარი და დაუსაბუთებელია სოფელ ნამოხვანის მიმართულებით „ბლოკპოსტების“ მოწყობა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. ამას გარდა, პოლიციამ აქტივისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დაუშალა კარვები, სადაც 169 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტი. აღნიშნულის გასამართლებლად შსს-ს მიერ წარმოდგენილი დასაბუთება ვერ აკმაყოფილებს უფლებაში ჩარევისთვის საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებების სტანდარტებით დადგენილ საბაზისო მოთხოვნებს.
ნამოხვანი ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილების მიღებისას არ ყოფილა გათვალისწინებული ეკოლოგიასთან, კულტურულ მემკვიდრეობასთან, პროექტის სოციალურ სარგებლიანობასთან დაკავშირებული წუხილები და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები; არ გაბათილებულა პროექტის უსაფრთხოებასა და ხარვეზიან კვლევებთან დაკავშირებული სამეცნიერო არგუმენტები, რამაც ლოგიკურად წარმოშვა ადგილობრივების სამართლიანი პროტესტი. ხოლო ამ პროტესტის ძალადობრივად შეჩერების მცდელობა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა მიანიშნებს, რომ სახელმწიფომ გადაუხვია მის ფუნქციასა და როლს, პოლიტიკური თუ ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელოს და შებოჭილ იქნას საჯარო ინტერესით”, – წერია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია შსს-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს მოქალაქეების კანონით გარანტირებული შეკრების და გამოხატვის თავისუფლებების “დაუსაბუთებელი შეზღუდვა” და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არ გამოიყენოს ძალა.
საქართველოს მთავრობას კი მოუწოდებს, “აიღოს რეალური პასუხისმგებლობა” და ნამახვანი ჰესთან დაკავშირებული პროცესები გამჭვირვალედ, ეფექტიანად და ხეობის მოსახლეობის ინტერესების სრული დაცვით წარმართოს.
უკვე 170 დღეა, რაც მოქალაქეები რიონის ხეობაში „ნამახვან ჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. თავდაპირველად მოქალაქეები სოფელ ნამოხვანში კარავში იმყოფებოდნენ და პერიოდულად მართავდნენ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს.
არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტი თუ აქტივისტი ამბობს, რომ კომპანია „ენკას“ მიერ აშენებული ჰესი დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს, მათი ნაწილის შეფასებით კი, ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა. ამასთანავე, მიუხედავად მთავრობის განცხადებისა, რომ ეს ჰესი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას წაადგება, „ნამახვანი ჰესის“ აშენების შემთხვევაში, ორგანიზაციები ამბობენ, რომ ელექტროენერგიის ეს საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია.
თუმცა უკვე რამდენიმე დღეა, რაც პოლიციამ ნამოხვანთან გზა გადაკეტა, „რიონის ხეობის დამცველები“ კი გუმათთან მობილიზდნენ. მათ აქაც გაშალეს კარვები, რომელიც პოლიციამ 11 აპრილს აიღო.
დღეს, 12 აპრილს რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მორიგი აქციის დროს, მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.აქციის მონაწილეობმა რიონის ხეობისკენს მიმავალი გზის გახსნა მოითხოვეს, რომელიც საპოლიციო ძალების მიერაა გადაკეტილი.
ხელებაწეულმა აქტივისტებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, თუმცა, საბოლოოდ გადაწყვტიეს, რომ ქუთაისისკენ მსვლელობით წასულიყვნენ.
ამჟამად დემონსტრანტები უკან, გუმათჰესთან ბრუნდებიან.