ახალი ამბები

შეიქმნა ინიციატივა უკრაინელთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის

4 აგვისტო, 2022 •
შეიქმნა ინიციატივა უკრაინელთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის

ხელოვანები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვა მოქალაქეები ერთიანდებიან სასტუმროებიდან გამოსახლებულ უკრაინელთა დასახმარებლად. შეიქმნა ფონდი, რომელშიც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება თანხის შეწირვა ლტოლვილების თავშესაფრით უზრუნველსაყოფად.

“პირველი აგვისტოდან  უკრაინელი მოქალაქეების  სასტუმროებში ცხოვრების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა დასრულდა. ბავშვების, ქალების, პენსიონერების დიდი ნაწილი ღია ცის ქვეშ დარჩა.

აქტიური მოქალაქეების დახმარებით, სასტუმროებიდან გამოსახლებულ უკრაინელთა ნაწილი დროებით დაბინავდა. თუმცა, წლის ბოლომდე, ათასობით მოქალაქის საცხოვრისის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არის”, — აღნიშნავს “ღია საზოგადოება — საქართველო”, რომელიც ინიციატივას უერთდება.

ორგანიზაციის ოფისში 4 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ საცხოვრისის საჭიროების მქონე უკრაინის მოქალაქეების აღრიცხვა, საგანგებო ანკეტის მეშვეობით, 2 აგვისტოდან უკვე დაიწყო.

თავად “ღია საზოგადოების ფონდი” 150 000 ლარს გამოყოფს, რომელიც, მოქალაქეთა შეწირულობებთან ერთად, გარკვეული პერიოდით უკრაინის მოქალაქეებს დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფას მოხმარდება.

“ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ომი მალე უკრაინის გამარჯვებით დამთავრდება და უკრაინელი ხალხი ღირსეულად შეძლებს საკუთარ სამშობლოში დაბრუნებას. Მანამდე, მათ ეს რთული პერიოდი უნდა გადავატანინოთ.

Მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წარმოვადგენთ სხვადასხვა ორგანიზაციებს, სხვადასხვა სფეროს, ყველას გვაერთიანებს ერთი სურვილი – გამოვიჩინოთ თანადგომა და ჩვენს სტუმრებს  ეს უმძიმესი პერიოდი გადავატანინოთ.

ახლა მნიშვნელოვანია ერთიანობა, რომ რიგითმა მოქალაქეებმა, თუნდაც უმცირესი შემოწირულობით დაუჭირონ მხარი ამ პროცესს”, — ამბობენ ინიციატივის წევრები.

უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად შექმნილი პლატფორმის, RAZOM.GE-ის წარმომადგენელი დმიტრი კორენი დასძენს, რომ საქართველოში ლტოლვილთა ურთულესი კატეგორია მოხვდა: მოქალაქეები მარიუპოლიდან, ხერსონიდან, ზაპოროჟიიდან, რომელთა სახლებიც დანგრეულია და წასასვლელი არსად აქვთ.

“უკრაინიდან ლტოლვილთა დაახლოებით 77 პროცენტს, თქვენი საცხოვრებლის უზრუნველყოფისთვის, თქვენი მხარდაჭერა ესაჭიროება. ეს ადამიანები საქართველოში ინტეგრაციას ცდილობენ.

ჩვენი გუნდი აგროვებს და ამუშავებს დახმარების მაძიებელი უკრაინელების მონაცემებს, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ. 2022 წლის 2 აგვისტოდან, მონაცემების შეგროვების პირველივე დღეს,  100-მდე განაცხადი შემოვიდა.

ორ დღეში 345 მიმართვა გვაქვს. რომელთაგან: 81% ბავშვებიანი ქალია, ოჯახების 16%-ს აქვს დამატებითი სპეციალური საჭიროებები”, — დასძინა მან.

ზემოხსენებულ ანკეტაში რეგისტრირებული უკრაინელების საცხოვრისით უზრუნველსაყოფად, ღია საზოგადოების ფონდის სახელზე გახსნილია ანგარიშის ნომერი, სადაც თანხის შეწირვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

ანგარიში ლარში: GE51TB7324636080100018;

დოლარში: GE63TB7324636180100012.

მასალების გადაბეჭდვის წესი