ახალი ამბები

მოქმედების დროა, პუტინის შეჩერება შესაძლებელია — ევროპარლამენტარი

10 აპრილი, 2021 • 807
მოქმედების დროა, პუტინის შეჩერება შესაძლებელია — ევროპარლამენტარი

აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დაძაბვის პარალელურად, ევროპარლამენტარი და ლიეტუვის თავდაცვის ყოფილი მინისტრი რასა იუკნევიჩიანე საერთაშორისო საზოგადოებას მოქმედებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შეცდომები უნდა გამოსწორდეს.

“პუტინის შეჩერება შესაძლებელია. აუცილებელია 2008 წელს, ბუქარესტში, ნატოს სამიტზე დაშვებული შეცდომის გამოსწორება, როდესაც ზოგიერთი წევრი არ დაეთანხმა MAP-ის მიცემას უკრაინასა და საქართველოსთვის. ახლა მოქმედების დროა, რადგან პუტინი იყენებს უსაფრთხოების ვაკუუმს მეზობლებისა და ყველა დემოკრატიის დატერორებისთვის”, — წერს იუკნევიჩიანე “ტვიტერზე”.

რა ხდება?

ბოლო დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში, არაერთხელ დაირღვა მხარეებს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რასაც ემსხვერპლა არაერთი უკრაინელი სამხედროსა და დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკების მებრძოლების სიცოცხლე.

მეორე მხრივ, ოფიციალური კიევის განცხადებით, რუსეთი საკუთარ სამხედრო ძალებს, მათ შორის მძიმე ტექნიკას, უკრაინის საზღვრის გასწვრივ ანთავსებს, რაც უკრაინასა და მის პარტნიორ ქვეყნებში ახალი ომის საფრთხედ აღიქმება და შეშფოთებას იწვევს.

პირველ აპრილს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ “რუსეთის ამჟამინდელი ესკალაცია არის სისტემური და უდიდესი, რაც ბოლო წლებში დაფიქსირებულა”. მისივე თქმით, რუსეთის მოქმედებებმა პროცესები ჩიხში შეიყვანა, საიდანაც ერთადერთი გამოსავალი დიპლომატიაა.

თავის მხრივ, მოსკოვი უარყოფს, რომ მისი მხრიდან პროცესების რაიმე სახით ესკალაციას აქვს ადგილი. ოფიციალური პოზიციის მიხედვით, რუსეთი საკუთარ თავს კონფლიქტის მონაწილე მხარედაც არ განიხილავს და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირება უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებასა და დონეცკისა და ლუგანსკის ძალებს შორის ბრძოლად მიაჩნია.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას სატელეფონო საუბარში დაუდასტურა, რომ “ამერიკა რუსეთთან ბრძოლაში უკრაინას მარტო არ დატოვებს”.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინისთვის ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამოქმედო გეგმის [ე.წ. “მაპი”] მიღება იქნებოდა “ნამდვილი მეგობრებისგან მხარდაჭერის სიგნალი”.

დაძაბულობის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი დონბასში ჩავიდა და უკრაინელთა პოზიციები მოინახულა.

გირჩევთ წაიკითხოთ: ახალი ომის საფრთხე უკრაინაში | ინტერვიუ ვალერი ჩეჩელაშვილთან

ახალი ომის საფრთხე უკრაინაში | ინტერვიუ ვალერი ჩეჩელაშვილთან

მასალების გადაბეჭდვის წესი