ახალი ამბები

გვიწვევენ, რომ რუსთაველზე მოხდეს სუნიანი კარვების აყრა – „უცნობი“

9 აპრილი, 2021 • 1229
გვიწვევენ, რომ რუსთაველზე მოხდეს სუნიანი კარვების აყრა – „უცნობი“

გია გაჩეჩილაძის („უცნობის“) განცხადებით, [ოპოზიციის მხარდამჭერები] იწვევენ, რომ რუსთაველზე კარვები აყარონ.

გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ევროპის მოედნიდან მისი ორგანიზებული მსვლელობა, საპატრიარქოს გავლით, დედაენის ბაღში გადაინაცვლებს, სადაც დააფუძნებენ „ამათი [ოპოზიციის] დასასრულის დასაწყისს“, შემდეგ კი თქვა:

„ამათ ჰგონიათ, და უნდათ, კი არ ჰგონიათ, ძალიან უნდათ და გვიწვევენ, რომ რაღაცნაირად რუსთაველზე მოხდეს იმ სუნიანი და დაბინძურებული კარვების აყრა“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ მიმართვისას.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, არაერთი კვირაა, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კარვებია გაშლილი, სადაც ოპოზიციონერი აქტივისტები იმყოფებიან. იქ კარავი გაშლილი აქვს მალხაზ მაჩალიკაშვილისაც.

„ყველამ დაინახა, ვის უყვარს საქართველო და ვის არა. ელემენტარულად, ერთი დღით არ აალაგეს კარვები, რომ ხალხი მისულიყო და პატივი მიეგო, მაგრამ არა უშავს. რაც მათ უნდათ, ჩვენ მათ მოედანზე არ ვითამაშებთ. კარგად გაიგონ, რომ ჩვენ ვართ ინტელექტუალური პროტესტის მომხრე და დავრჩებით ასე სულ ყოველთვის“, – განაცხადა „უცნობმა“.


9 აპრილს თბილისში, ევროპის მოედანზე, გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ორგანიზებით აქცია გაიმართა. როგორც გია გაჩეჩილაძე აცხადებს, დღეს, 9 აპრილს, ქართველი ხალხის მარადისობის დღეს დააწესებენ.

მისი თქმით, პოლიტიკური სპექტრი და მედიასაშუალებების დღის წესრიგი ხალხის განწყობებს აცდენილია. მისი თქმით, საზოგადოება ფსევდოდაპირისპირებით დაიღალა.

აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედნიდან მსვლელობით გადაინაცვლეს საპატრიარქოსთან, საბოლოოდ აქცია “დედაენის ბაღში” დასრულდება.

გია გაჩეჩილაძე (ძველი სასცენო სახელით „უცნობი“) აცხადებს, რომ 9 აპრილს მის მიერ დანიშნული შეკრების გზავნილია, „ქართულმა ოცნებამ“ „გაიტანოს პოლიტიკური ნაგავი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი