ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 9 აპრილის ტრაგედიის წლისთავთან დაკავშირებით Facebook-ზე პოსტს ავრცელებს.
“უკვე 32 წელია ეს დღე ერთდროულად დიდი ტკივილით და სიამაყით გვავსებს. გვტკივა და პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის დანაშაულმა იმსხვერპლა. გვეამაყება მათი და მთელი საქართველოს, ყველა თაობის ის სულისკვეთება, ერთიანობა და შემართება, რომელმაც ზუსტად ორ წელიწადში თავისუფლება მოგვიტანა, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და შეუდგა სახელმწიფოს მშენებლობას”, – ნათქვამია განცხადებაში.
გიორგი გახარიას თქმით, “დღესაც გვჭირდება ერთიანობის ის ხარისხი, რომელიც ჩვენმა ერმა არაერთხელ, მათ შორის, 1989 წლის 9 აპრილს აჩვენა, მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა”.
1989 წლის 9 აპრილს, ღამის 4 საათზე, საბჭოთა კავშირის ჯარმა მხუთავი აირის, ორლესული ნიჩბებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაარბია თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 16 ადგილზე გარდაიცვალა, 4 – მოგვიანებით, საავადმყოფოში, ერთი, გია ქარსელაძე კი კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ,ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ასობით ადამიანი დაჭრეს და დაასახიჩრეს, ათასობით კი მოიწამლა.