ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ენგურზე მომხდარი ტრაგედია კარანტინს უკავშირდება | რას ამბობენ გალელები და ექსპერტები

8 მაისი, 2021 • 2084
ენგურზე მომხდარი ტრაგედია კარანტინს უკავშირდება | რას ამბობენ გალელები და ექსპერტები

გალელები და კონფლიქტების საკითხზებზე მომუშავე ექსპერტები  ეხმაურებიან 7 აპრილს მდინარე ენგურში ოთხი ადამიანის დაღუპვის ფაქტს და ქართული მხარის მიერ გალელებისთვის დაწესებულ 5- დღიან კარანტინს უკავშირებენ, რომელიც ხელისუფლებას არც გუშინდელი ფაქტის შემდეგ გაუუქმებია. 

რას წერენ გალელები?

“ჩვენს მთავრობას უბრალოდ ფეხებზე ჰკიდია იქაური მცხოვრები თითოეული საქართველოს მოქალაქე. მთლიანად, როგორც რუსეთის, ასევე თქვენს კისერზეა ამ საწყალი ადამიანების დაღუპვა. მეზიზღება უკვე თითოეული გათენებული დღე საქართველოში. ქვეყანამ ოთხი ადამიანი დაკარგა, და ამის შემდეგ გამოდიან მაღალჩინოსნები და აცხადებენ, რომ მსგავსი რამ აქამდეც მომხდარა და გასაკვირი არაფერია”, – წერს გალის რაიონის მკვიდრი, რომელიც ამჟამად თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს.

გული მერევა უკვე ამ ყველაფრის მოსმენაზე. ვითომ დაგეშილი ძაღლებით რუსები გამოეკიდნენ. რათქმაუნდა ეს ხდება მაგრამ ადამიანი…

Posted by Temo Antia on Wednesday, 7 April 2021

 

“ჩვენ გვესმის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მთავრობა ვერ დაგვიცავს, ჩვენ ყოველთვის საკუთარ თავზე ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს ნაბიჯებზე, მათ შორის ენგურით გადასვლაზე. მაგრამ საქართველოს დისკრიმინაციული პოლიტიკა ჩვენ მიმართ არის დანაშაული.  

ძალიან რთული მდგომარეობაა ჩვენთან. ჩემს მეზობელს ერთი კვირის წინ ინსულტი ჰქონდა და გადაიყვანეს ზუგდიდში რეანიმაციაში, მისი ცოლ-შვილი აფხაზებმა და რუსებმა გაატარეს, მაგრამ ქართულმა მხარემ კარანტინში გაუშვა. ვინც გარდაიცვალა ენგურის წყალში, იმათ რუსები და აფხაზები უშვებდნენ, კარანტინის გამო წავიდნენ ენგურით და, სამწუხაროდ, საბედისწერო აღმოჩნდა ეს მათთვის”, – უთხრა ნეტგაზეთს გალში მცხოვრებმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

აბრალეთ ახლა რუსს, თურქს, ეგვიპტელს და ვინც ენაზე მოგადგებათ, მხოლოდ საკუთარი თავი გამოიძვრინეთ რამეფრად, როგორც…

Posted by Lana Kolbaia-Qvacabaia on Thursday, 8 April 2021

 

რას ფიქრობენ კონფლიქტების საკითხებზე მომუშავე ექპერტები?

კონფლიქტოლოგი და შერიგების ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი 7 აპრილს მომხდარ ტრაგედიას, ასევე, უკავშირებს ქართული მხარის მიერ დაწესებული კარანტინის თავიდან აცილების მცდელობას.

“აფხაზების მიერ გადაადგილების შეზღუდვა მრავალი წელი გრძელდება და ადგილობრივი მოსახლეობა რაღაცნაირად მოერგო ამას კორუფციის მეშვეობით  – 2000-დან 3000 [დაახლოებით, 85-130 ლარი] რუსულ რუბლამდე ქრთამის მიცემის შემთხვევაში გალელებს აქეთ ატარებენ. ქართული მხარე მკაცრად აკონტროლებს კარანტინში გადაყვანის პროცედურას და გამონაკლისი არ ხდება. შესაბამისად, გამოსავალი რჩება მდინარე ენგურით გადმოსვლა, რამაც იმდენად მასობრივი ხასიათი მიიღო, თავად გალის ადმინისტრაციის უფროსმა კონსტანტინე ფილიამ დააყენა საკითხი, რომ შემსუბუქდეს ქართველებისთვის გადაადგილება. წარმოდიგინდეთ, თვეში დაახლოებით 1000-მდე ადამიანს აკავებენ უკანონო გადასვლის ბრალდებით. გამოდის, კარანტინი არის ფორმალური და ადამიანები მაინც გადაადგილდებიან შემოვლითი გზით. გამოდის, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც კარანტინის დაწესება აზრს მოკლებულია. იქნებ ამ ტრაგედიამ მაინც აუხილოს თვალი ხელისუფლებას. 

გუშინდელი ქართული მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც ერთმანეთის მიყოლებით გაავრცელა სუს-მა, პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და შერიგების სამინისტროებმა, გამაოგნებელი ცინიზმია. ოკუპაციის რეჟიმს არავინ ამართლებს, თუმცა, ეს განცხადებები, რომ მხოლოდ საოკუპაციო რეჟიმის ბრალეულობაა ამაში, ბრიუსელისთვის და ვაშინგტონისთვის გაკეთდა და არა გალელებისთვის, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან სიმართლე. 

გალელებისთვის დაწესებულ კარანტინს უკავშირებს გუშინდელ ტრაგედიას ყოფილი სახალხო დამცველი და დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის [IRI] ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილიც.

“რუსეთის და ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების როლი დიდია იმაში, რომ გადაადგილებაზე შეზღუდვები არსებობს, თუმცა, მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ კარანტინის პერსპექტივა ძალიან ბევრ გალელს უქმნის განცდას, რომ დროს დაკარგავენ. შესაბამისად, შეძლებისდაგვარად, ცდილობენ გვერდი აუარონ მას და შემოვლითი გზებით ისარგებლონ. კარანტინის პერსპქტივამ კიდევ უფრო დაამძიმა და მოსახლეობას შეუქმნა განცდა, რომ მათ უნდა დაკარგონ მინიმუმ 5 დღე, როდესაც რეალურად რამდენიმე საათი შეიძლება სჭირდებოდეთ კონკრეტული საჭიროებისთვის ან სერვისის მისაღებად, იგივე ზუგდიდში [მედიკამენტის შეძენა, გარკვეული ნივთების ყიდვა, რომელიც ბევრად იაფია აქ]”. 

სწრაფი ტესტის პრაქტიკა გალელებისთვის

აქვე ნანუაშვილი კარანტინის მოხსნისა და გალელებისთვის სწრაფი ტესტების პრაქტიკის შესაძლო დანერგვაზე საუბრობს, რომელიც აღნიშნულ სიტუაციაში გარკვეულწილად გამოსავალი იქნებოდა.

აკაკი ზოიძე, ჯანდაცვის ექსპერტი და მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, ნეტგაზეთთან საუბარში ენგურზე გადმომსვლელი გალელებისთვის სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს.

“5- დღიანი კარანტინი პრობლემას წარმოადგენს იმ ჩვენი გმირი მოქალაქეებისთვის, ვინც იქ ცხოვრობენ და უნდა გადაიხედოს რეგულაცია. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა გაგრძელდეს, იგივე თვითიზოლაციის მოთხოვნა, როგორც სხვა ჩვენი მოქალაქეებს მოეთხოვებათ. მხოლოდ სწრაფი ტესტი საკმარისი იქნება თუ არა, ეს დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზე, ეპიდემიოლოგიურ სურათზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ თემაზე სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ”. 

ენგურზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისადმი სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) მიმართვაში, ასევე გამახვილებულია ყურადღება გალელებისთვის სწრაფი ტესტირების საჭიროებაზე.

“გვესმის, რომ არსებობს ვირუსის გავრცელების მაღალი რისკი და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესი, თუმცა არსებითია, მთავრობამ ნაკლებად შემზღუდავი ღონისძიებები გამოიყენოს ამ მიზნის მისაღწევად, მაგალითად, დე ფაქტო საზღვრის გადმოლახვისას შესაძლებელი გახადოს ტესტირების სისტემის დანერგვა და სწორედ ამგვარად გააკონტროლოს ვირუსის გავრცელება”.

საკარანტინო ვადის დაწესებისას ქართული მხარის მთავარ არგუმენტს წარმოადგენდა ის, რომ “ქართული სახელმწიფო ვერ აკონტროლებდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას”, ამიტომ ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიიღეს ამგვარი გადაწყვეტილება.

5 -დღიანი კარანტინის მოხსნაზე პეტიციებისა და აქციების მიუხედავად, რომელიც ენგურზე 4 ადამიანის დაღუპვის ფაქტის შემდეგაც გაიმართა, საქართველოს ხელისუფლებას გადაწყვეტილება არ მიუღია. 7 აპრილის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა ყველა სახელმწიფო უწყებამ რუსეთს დააკისრა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი