რამდენად უკავშირება მდინარე ენგურზე გალელების დაღუპვის ფაქტი მათთვის დაწესებულ 5- დღიან კარანტინს და რა პრობლემებს უქმნის გალელებს თბილისის მიერ შემოღებული რეგულაცია, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის [IRI] ხელმძღვანელი და ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გვპასუხობს:
თქვენი ინფორმაციით, უკანასკნელი ტრაგიკული შემთხვევა რამდენად უკავშირდება კარანტინს, მისი თავიდან აცილების მიზნით ისარგებლეს ამ ადამიანებმა არაპირდაპირი გზით?
დიახ, ნამდვილად ასეა. რა თქმა უნდა, რუსეთის და ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების როლი დიდია იმაში, რომ გადაადგილებაზე შეზღუდვები არსებობს, თუმცა, მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ კარანტინის პერსპექტივა ძალიან ბევრ გალელს უქმნის განცდას, რომ დროს დაკარგავენ. შესაბამისად, შეძლებისდაგვარად, ცდილობენ გვერდი აუარონ მას და შემოვლითი გზებით ისარგებლონ.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუ გაქვთ ინფორმაცია, ჰქონდათ თუ არა ამ ადამიანებს საშვი და შეეძლოთ თუ არა, ენგურის გამშვები პუნქტით ესარგებლათ?
მათ ჰქონდათ როგორც ქართული პასპორტი, ასევე აფხაზური ბინადრობის მოწმობა, შესაბამისად, მათ გარკვეულწილად, რეგულაციების გამოყენებით შეეძლოთ ესარგებლათ ამ გამშვები პუნქტით. მით უმეტეს, როგორც ჩემთვის ცნობილია, რამდენიმეს სამედიცინო საჭიროება ჰქონდა და სურდათ გარკვეული სამედიცინო დახმარების მიღებაც. მაგრამ იმის გამო, რომ მათ ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევდათ კარანტინის გავლა, შეეცადნენ თავი აერიდებინათ ამისთვის. ის, რომ კარანტინის გავლა არ სურთ, ამაზე გავლენა რამდენიმე კვირის წინ მომხდარმა ფაქტმაც მოახდინა, როდესაც გალელი ექთანი სამედიცინო დაწესებულების ნაცვლად კარანტინში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.
მას შემდეგ, რაც გარკვეული კატეგორიისთვის შემსუბუქდა ენგურის გამშვები პუნქტით გადაადგილება, თუ იცით, როგორ მიმდინარეობს გადაადგილების პროცესი?
არის პერიოდები, როდესაც იხსნება პუნქტი და შესაძლებელია გადმოსვლა, განსაკუთრებით ეს ეხება სწორედ კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფებს, მათ შორის პენსიონერებს, იგივე სამედიცინო მიზნებისთვის გადმომსვლელებს. ძალიან ხშირად ადგილობრივები იყენებენ არაფორმალურ მეთოდსაც, გარკვეული ქრთამის სანაცვლოდ ადამიანებს გადმოსვლის უფლებას აძლევენ.
ასეთი მდგომარეობა იყო ყოველთვის, თვეების განმავლობაში, თუმცა ახლა კარანტინის პერსპქტივამ კიდევ უფრო დაამძიმა და მოსახლეობას შეუქმნა განცდა, რომ მათ უნდა დაკარგონ მინიმუმ 5 დღე, როდესაც რეალურად რამდენიმე საათი შეიძლება სჭირდებოდეთ კონკრეტული საჭიროებისთვის ან სერვისის მისაღებად, იგივე ზუგდიდში [მედიკამენტის შეძენა, გარკვეული ნივთების ყიდვა, რომელიც ბევრად იაფია აქ].
მაგალითად, ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, სადაც ჩანს ტალახში მცოცავი ადამიანი, გავარკვიეთ და აღმოჩნდა, რომ მას გალში, სახლში მოხუცი მშობლები ჰყავდა და ვერ დატოვებდა მარტო ამდენი დღით. თბილისიდან ბევრი ვერ ხედავს ამ ათასობით ადამიანის საჭიროებებს. ეს ადამიანები, მით უმეტეს, ხშირად და ღიად არ გამოხატავენ საკუთარ პოზიციებს, რათა აირიდონ საფრთხეები, არიან ორ ცეცხლს შორის და სერიოზული ზეწოლის ქვეშ. ირაკლი ბებუას საქმე ამის ნათელი მაგალითია. შესაბამისად, როდესაც ეს მოცემულობა არსებობს და ძალიან მძიმე რეჟიმში უწევთ ცხოვრება, პირიქით, უნდა ვეხმარებოდეთ ყველანაირად და პროცედურები შევუმსუბუქოთ.
არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ სულ ახლახან გამოქვეყნდა დაკავებების სტატისტიკა [აფხაზური მხარის მონაცემები], რომელიც საგანგაშოა. 4000-მდე ერთ წელში. წარმოიდგინეთ, ამდენი ადამიანი რისკავს ამ გზებით სიარულს.
ამ კონკრეტული ტრაგიკული ფაქტის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, უნდა გაუქმდეს კარანტინი გალელებისთვის?
შეიძლება მოიხსნას კარანტინი და დაინერგოს სწრაფი ტესტის პრაქტიკა, რაც გარკვეულ რესურსებთან და სწორ ადმინისტრირებასთან არის კავშირში და, ვფიქრობ, ეს რესურსი გააჩნია სახელმწიფოს. ამ ტრაგედიამ უნდა უბიძგოს ხელისუფლებას, კონკრეტული ნაბიჯი გადადგას.
პრობლემა ის არის, რომ პასუხისმგებლობას ვერავინ იღებს, რომ რამე შეცვალოს. ჩვენი მოსახლეობის შენარჩუნება იქ და მათი საჭიროების გათვალისწინება არის ეროვნული ინტერესების საქმე, რაშიც სახელმწიფო უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული. ჩვენ კი ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ეს ასე არ არის, რიგ შემთხვევებში. ალბათ, სერიოზული ტრაგედია უნდა მოხდეს, რომ ხელისუფლებამ რაღაც ნაბიჯები გადადგას. ეს პოლიტიკა წლების განმავლობაში ინერტულია. ჩვენ გალელებს, როგორც უცხოელებს, ისე ვეპყრობით. ეს, ვფიქრობ, პირველ რიგში, ხედვის პრობლემაა.
პოლიტიკური ნების გარდა, გასაგებია, რომ ხელისუფლებას უჭირს პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ ეპიდსიტუაცია კონტროლიდან არ გაექცეს. მეორე მხრივ, გალში არსებული სრული სურათი რომ ჰქონდეს, ხელისუფლებას შეუძლია იქ არსებული სამედიცინო დაწესებულებები უფრო ეფექტურად გამოიყენოს და თუკი მართლა არსებობს ეპიდაფეთქების რისკები, შესაძლებელია გააადგილებაზე გარკვეული რეგულაციებიც, მაგრამ მსგავსი ხისტი პოლიტიკა იქ მცხოვრები ადამიანების ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ახალგორთან მიმართებაში რა ხდება ამ კუთხით?
იქ სხვა მდგომარეობაა, გაადასვლელი პუნქტიც დაკეტილია დიდი ხანია, გეოგრაფიული მდგომარეობაც განსხვავებულია, მდინარე არ არის და ტყე- ტყე უფრო ადვილია გადაადადგილება, მეორე მხრივ, მოსახლეობაც მცირეა იქ და ნაკლებად შესამჩნევია არაპირდაპირი გზებით გადაადგილების ფაქტები.