სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ეხმიანება მდინარე ენგურში საქართველოს ოთხი მოქალაქის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს და ხელისუფლებას კონფლიქტის რეგიონებთან მიმოსვლასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებისთვის ქმედითი პოლიტიკური და დიპლომატიური ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
“მომხდარი ადამიანის სიცოცხლისა და ბაზისური უფლებების ხელყოფის სულისშემძვრელი და ტრაგიკული გამოცდილებაა, რომელიც ერთის მხრივ, ოკუპაციის უმძიმეს შედეგებს, მეორეს მხრივ კი, კონფლიქტის ტრანსფორმაციის პოლიტიკის სისუსტეს კიდევ ერთხელ ავლენს”.
“ამდენი წლის შემდეგაც კონფლიქტის რეგიონებთან თავისუფალი, უსაფრთხო და მდგრადი მიმოსვლის რეჟიმის შექმნა ვერ მოხერხდა. ბოლო თვეებში მიმოსვლის პროცესს დამატებით ართულებს საქართველოს ხელისუფლების მიერ პანდემიის პირობებში დაწესებული საკარანტინო შეზღუდვები, რომელიც ადამიანებს ზუგდიდში შემოვლითი გზებით შემოსვლისკენ დამატებით უბიძგებს. 5- დღიანი კარანტინი მათთვის ოჯახებთან წყვეტისა და გაუმართლებელი სოციალური ტვირთის ფორმას იღებს, რომელიც აშკარად გადასახედია.
გვესმის, რომ არსებობს ვირუსის გავრცელების მაღალი რისკი და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესი, თუმცა არსებითია, მთავრობამ ნაკლებად შემზღუდავი ღონისძიებები გამოიყენოს ამ მიზნის მისაღწევად, მაგალითად, დე ფაქტო საზღვრის გადმოლახვისას შესაძლებელი გახადოს ტესტირების სისტემის დანერგვა და სწორედ ამგვარად გააკონტროლოს ვირუსის გავრცელება”.
შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:
- გადახედოს კონფლიქტის რეგიონებთან დაწესებულ მიმოსვლის რეჟიმს და საკარანტინო მოთხოვნები ჩაანაცვლოს სხვა უფრო ადეკვატური და პრაქტიკული მექანიზმით, რაც მორგებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლასთან დაკავშირებით.
- უსაფრთხო და თავისუფალი მიმოსვლის აღდგენის მიზნით, გამოიყენოს ყველა პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალება, მათ შორის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობებთან პირდაპირი მუშაობისა და კომუნიკაციის გზები.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის სრული განცხადება იხილეთ აქ.
რა პრობლემებს უქმნის 5-დღიანი კარანტინი გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებლებს