ახალი ამბები

“ასტრაზენეკათი” მხოლოდ 55+ მოქალაქეები აიცრებიან — გაბუნია

8 აპრილი, 2021 • 1030
“ასტრაზენეკათი” მხოლოდ 55+ მოქალაქეები აიცრებიან — გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ გაფართოვდება „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ასაცრელთა ასაკობრივი ჯგუფი. შესაბამისად, აღნიშნული ვაქცინით კვლავ აიცრებიან 55 წელს ზემოთ ადამიანები, უფრო ახალგაზრდებს კი სახელმწიფო სხვა ვაქცინას შესთავაზებს.

როგორც გაბუნიამ დღეს, 8 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გუშინ „ევროპის წამლის სააგენტომ“ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დამატებითი ინფორმაცია გაავრცელეს „ასტრაზენეკას“ შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ.

„ექსპერტების კომიტეტმა ორივე ორგანიზაციაში დაადასტურა კიდევ ერთხელ, ასტრაზენეკასთან დაკავშირებული სარგებელი აღემატება ყველა შესაძლო რისკს, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის პაციენტებში შესაძლოა გამოვლინდეს ვაქცინაციის ფონზე.

თუმცა მათ აღიარეს შესაძლო კავშირი თრომბოზულ გართულებასა და ასტრაზენეკას შორის. უიშვიათესია ეს გართულება, სტატისტიკა დღემდე არსებული მიუთითებს, რომ შესაძლებლობა არის დაახლოებით 4 – ერთ მილიონ მოსახლეზე. ეს არის ბრიტანეთი მონაცემი, მაგრამ მაინც ჩაითვალა საჭიროდ ყურადღების გამახვილება ამ ტიპის გართულებაზე“, — აცხადებს გაბუნია.

ის განმარტავს, რომ ამ მონაცემებზე დაყრდნობით ზოგიერთმა ქვეყანამ ვაქცინაციის პროგრამებში გარკვეული შეზღუდვები მიიღეს. მაგალითად, დანიაში, ნიდერლანდებსა და ნორვეგიაში ასტრაზენეკას გამოყენება გაგრძელდება მხოლოდ 60 წელს ზემო მოსახლეობაში.

საფრანგეთში- 55 წელს ზემოთ მოსახლეობაში, შვედეთსა და ესპანეთში კი -65 წელს ზემოთ მოსახლეობაში. თუმცა, როგორც მინისტრის მოადგილე ამატებს, ეს ცვლილება არ შეეხება ესენციურ ჯგუფებს, როგორებიც არიან მედიკოსები.

რაც შეეხება საქართველოს:

„დღეს ექსპერტების საბჭომ იმსჯელა სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] თანამშრომლებთან ერთად და გაუწია რეკომენდაცია „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის გაგრძელებას 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, იქნება ეს მაღალი რისკის ჯგუფი თუ ნებისმიერი სხვა ჯგუფი, გამომდინარე ქრონიკული დაავადების არსებობიდან ან იმ კუთვნილებიდან, რომელიც მის რისკს ზრდის პროფესიული ნიშნით.

ამ შემთხვევაში  მხედველობაში მაქვს აუცილებელი სერვისების მიმწოდებლები, ჯანდაცვის პროფესიონალები… ვაქცინაციის პროგრამა ასტრაზენეკას ვაქცინით გაგრძელდება 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, როგორც ეს ახლა მიმდინარეობს. შემდგომი გაფართოება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ამ ეტაპზე ასტრაზენეკასთვის აღარ მოხდება“, — ამბობს თამარ გაბუნია.

მისივე თქმით, ცვლილებები არ შეეხება იმ ადამიანებს, ვინც „ასტრაზენეკას“ პირველი დოზა უსაფრთხოდ ჩაიტარა მანამდე და მეორე დოზა 8-დან 12 კვირამდე ინტერვალით აქვს დაგეგმილი.


ევროპის წამლის სააგენტოს [EMA] დასკვნით, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილ ასტრაზენეკას ვაქცინის “ძალიან იშვიათ” გვერდით მოვლენებს შორის უნდა იყოს შეყვანილი თრომბის (სისხლის კოლტების) წარმოქმნა, რომელსაც თან ახლავს თრომბოციტების დაბალი მაჩვენებელი. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

EMA-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დასკვნის გამოსატანად კომიტეტმა ყველა არსებული მტკიცებულება, მათ შორის, დროებითი ექსპერტთა ჯგუფის რჩევებიც გაითვალისწინა.

ვრცლად:

ევროპის წამლის სააგენტომ “ასტრაზენეკას” ვაქცინასა და თრომბს შორის კავშირი გამოავლინა

მასალების გადაბეჭდვის წესი