ახალი ამბები

“შესაძლოა, სტრესულ სიტუაციაში იყვნენ” — კლინიკის დირექტორი მედპერსონალის შეცვლილ ჩვენებაზე

8 აპრილი, 2021 • 584
“შესაძლოა, სტრესულ სიტუაციაში იყვნენ” — კლინიკის დირექტორი მედპერსონალის შეცვლილ ჩვენებაზე

ახალციხის კლინიკა “იმედის” დირექტორი გიორგი ბარძიმაძე ამბობს, რომ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე მედპერსონალის შეცვლილი ჩვენებები შესაძლოა, სტრესულ ვითარებას უკავშირდებოდეს.

პროკურატურამ 7 აპრილს თქვა, რომ ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე სამ მედიკოსს ბრალი წაუყენეს გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიცემისთვის.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ მოხდა ისე, რომ მედიკოსებმა ჩვენება შეცვალეს, დირექტორი პასუხობს:

„არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, ასე არ უთქვმთ… რაც ინფორმაცია მიაწოდეს თანამშრომლებმა და შემდეგ რა მოხდა, მე ზუსტად ვერ გეტყვით. ის ხალხი, ვინც იქ იყო, დღესაც სტრესულ სიტუაციაში არიან და იმ დროსაც სტრესულ სიტუაციაში იყვნენ. შეიძლება, რაღაც, რაც იმ დროს პირველად თქვეს, შემდეგ დააზუსტეს და ამის შესახებ შეიძლება წარუდგინეს“, — ამბობს გიორგი ბარძიმაძე.

გიორგი ბარძიმაძე. ფოტო: ახალციხის მეცრე არხი

ბარძიმაძე ასევე აცხადებს, რომ მეგი ბაქრაძეს ვაქცინაციის შემდეგ ცუდად გახდომისას დახმარება დროულად გაუწიეს და არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს მედიკამენტოზური დახმარება დაგვიანდა.

“იქ რომელიმე ექიმმა რა თქვა პროკურატურაში, როგორ უპასუხა, ზუსტად არ ვიცი. რაც ვიცი ზუსტად, არის ის, რომ იქ იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალი და მას შესაბამისად სამედიცინო დახმარება გაეწია. კლინიკა შესაბამისი მედიკამენტებით იყო აღჭურვილი და ყველაფერი იყო იქ”, — აცხადებს ის.

კლინიკის დირექტორი განმარტავს, რომ დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს, ვინაიდან მომხდარზე კიდევ არაერთი ექსპერტიზაა დანიშნული, მათ შორის, სამხარაულის ბიუროსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მოკვლევა.

“ეს დაიდება აუცილებლად და არ იქნება დაფარული, რომ შემდეგ არ იყოს შეკითხვები, თუ რა მოხდა რეალურად”, — ამბობს ბარძიმაძე.


მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი აცხადებს, რომ ახალციხის კლინიკა “იმედში”, სადაც ქალს ვაქცინა ჩაუტარდა, იტყუებიან არა მხოლოდ ადრენალინის გაკეთების დროზე, არამედ სხვა მნიშვნელოვან გარემოებებზეც.

ექთან მეგი ბაქრაძეს კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა 18 მარტს გაუკეთეს, რის შემდეგაც ის მალევე გახდა ცუდად და მეორე დღეს თბილისში გარდაიცვალა.

ვრცლად:

ადრენალინის დროულად გაკეთების გარდა, კლინიკაში იტყუებიან სხვა ფაქტებზეც — ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი

მასალების გადაბეჭდვის წესი