ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რა პრობლემებს უქმნის 5-დღიანი კარანტინი გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებლებს

6 აპრილი, 2021 • 2086
რა პრობლემებს უქმნის 5-დღიანი კარანტინი გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებლებს

5 აპრილს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ნეტგაზეთის მიერ დასმულ კითხვაზე, იგეგმებოდა თუ არა გამყოფ ხაზს მიღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის 5-დღიანი კარანტინის გაუქმება, უპასუხა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით დღეს, 6 აპრილს გაიმართებოდა სხდომა, რის შემდეგაც მიიღებოდა კონკრეტული გადაწყვეტილება.

6 აპრილს ჯანდაცვის მინისტრის თამარ გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადებით, “ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეების კარანტინის რეჟიმთან დაკავშირებით ჯერჯერობით ცვლილება არ არის”. მისივე თქმით, იგივე რეჟიმი, ანუ 5-დღიანი კარანტინი კვლავ ნარჩუნდება.

გამყოფ ხაზს მიღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე ვერ ახერხებენ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას ისე, რომ 5-დღიანი დაყოვნების პერიოდი საკარანტინო სივრცეში არ გაიარონ.

ამჟამად, საქართველოში შემოსვლის უფლება აქვს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც აქვს ჩატარებული იმუნიზაციის სრული პროგრამა, ასევე, რიგი ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც ვაქცინაცია არ ჩაუტარებიათ, თუმცა წარმოადგენენ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებულ PCR ტესტის უარყოფით პასუხს, რის შემდეგაც, სურვილისამებრ, გადავლიან თვითიზოლაციაში, ან ჩამოსვლიდან მესამე დღეს გაიკეთებენ PCR-ის კიდევ ერთ ტესტს საკუთარი ხარჯებით. საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც არ წარმოადგენენ კორონავირუსის ტესტის უარყოფით პასუხს, გადავლენ 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციაში, ან კარანტინში.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, თუ რა სირთულეებს ქმნის ეს რეგულაცია გადმომსვლელთათვის, რამდენად აუცილებელია მისი არსებობა და არის თუ არა შესაძლებელი, რომ აღნიშნული შეზღუდვა შეიცვალოს.

ამ და სხვა კითხვებით მივმართეთ გალისა და ახალგორის მოსახლეებს, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და მკვლევრებს.

რატომ და როდის დაწესდა 5-დღიანი კარანტინი

კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, დე ფაქტო მთავრობების გადაწყვეტილებით, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მოქალაქეთა გადმოსვლა შეიზღუდა.

იმ დროს სოხუმი აცხადებდა, რომ ეს ზომა ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად მიიღეს.

ცხვინვალის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს გადაადგილება გასული წლის თებერვალში, მსოფლიო პანდემიის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე შეეზღუდათ. მიზეზი თბილისთან ჩორჩანის საგუშაგოს გამო დაწყებული კრიზისი იყო. ამ შემთხვევაში, გადაადგილების აკრძალვა ვირუსის გავრცელებასთან ერთად გახანგრძლივდა.

მიუხედავად დაწესებული შეზღუდვებისა, 2020 წლის განმავლობაში მოქალაქეები აფხაზეთიდან სამკურნალო მიზნებით გადმოსვლას მაინც ახერხებდნენ, თუმცა მათზე საკარანტინო პირობები არ ვრცელდებოდა და ისინი პირდაპირ სამკურნალო დაწესებულებებში ხვდებოდნენ. ცხინვალიდან სამკურნალოდ გადმოსვლა გასული წლის დეკემბრიდან გამარტივდა, მანამდე კი არსებითად შეზღუდული იყო, რის გამოც რეგიონში არაერთი ადამიანი გარდაიცვალა.

მეორე მხრივ, ის მოქალაქეები, რომლებიც საგანმანათლებლო მიზნებით [სტუდენტები] ან სხვა დანიშნულებით ახერხებდნენ გამყოფი ხაზის გადმოკვეთას, იმ დროს საქართველოში დაწესებული რეგულაციების შესაბამისად, ხვდებოდნენ საკარანტინო სივრცეებში.

მოგვიანებით, დაახლოებით ერთწლიანი შეზღუდვის შემდეგ, 11 თებერვალს ენგურის გადასასვლელი ხიდი გაიხსნა და მოქალაქეებისთვის, რომლებიც თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდოდნენ, მათ შორის, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთიდან, საკარანტინო ვადად 5-დღიანი პერიოდი განისაზღვრა. მანამდე სახელმწიფო 12-დღიან დაყოვნების პერიოდს გეგმავდა, თუმცა, ხიდის გახსნასთან ერთად, ეს რიცხვი შეიცვალა.

საკარანტინო ვადის დაწესებისას ქართული მხარის მთავარ არგუმენტს წარმოადგენდა ის, რომ “ქართული სახელმწიფო ვერ აკონტროლებდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას”, ამიტომ ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიიღეს ამგვარი გადაწყვეტილება.

რა პრობლემებს ქმნის კარანტინი ადგილობრივებისთვის

გამყოფ ხაზს მიღმა მცხოვრები მოქალაქეები ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებენ, რომ კარანტინის შეზღუდვის შემდეგ კიდევ უფრო გართულდა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა, ჯანდაცვის მომსახურებების მიღება და პირველადი დანიშნულებისა თუ სურსათის შეძენა, რადგან 5-დღიანი კარანტინის შემთხვევაში, იმავე დღეს ვერ ბრუნდებიან სახლებში.

“ამჟამად მხოლოდ პენსიონერებისთვისაა შესაძლებელი გადმოსვლა, თუმცა ისინიც ვერ ტოვებენ დიდი ხნით სახლებს, რადგან შინაურ ცხოველებსა და შინამეურნეობებს უყურადღებოდ ვერ დატოვებენ”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბრისას მოქალაქე, რომელიც წარმოშობით აფხაზეთიდანაა.

5-დღიანი კარანტინის დაწესების პირობებში, გამყოფ ხაზს მიღმა გადასვლას ვერ ახერხებენ ის მოქალაქეებიც, რომლებიც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, თუმცა ოჯახის წევრები ან საცხოვრებელი სახლები დე ფაქტო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში აქვთ.

პირი, რომელიც ამჟამად თბილისში ცხოვრობს, თუმცა წარმოშობით გალის რაიონის სოფელ თაგილონიდანაა, ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ გამყოფი ხაზის მიღმა პანდემიის დაწყების შემდეგ ვეღარ ჩადის, რადგან უკან გადმოპარვის შემთხვევაშიც კი 5-დღიან კარანტინში მოუწევს დარჩენა.

“მამის საფლავი იქ მაქვს, თუ დრო არ მაქვს, თაგილონში მხოლოდ იმიტომ ჩავდივარ, რომ მამის საფლავზე სანთელი დავანთო და ისევ უკან დავბრუნდე. ახლა ისეა ჩაკეტილი, რომ ეს შეუძლებელია”, – ამბობს ის.

მისივე თქმით, ადამიანები გალის რაიონიდან ზუგდიდში იპარებიან არა მხოლოდ იმის გამო, რომ ამჟამად მხოლოდ გარკვეული კატეგორიებისთვისაა გადმოსვლა ნებადართული, არამედ იმიტომაც, რომ ისინი საკარანტინო პირობებში არ მოხვდნენ.

გალის დე ფაქტო გამგებლის, კონსტანტინე ფილიას განცხადებით, 2020 წლის აპრილის შემდეგ დაახლოებით 4 000-მდე პირმა გადაკვეთაუ კანონოდ დე ფაქტო საზღვარი.

გამყოფ ხაზს მიღმა მცხოვრები კიდევ ერთი მოქალაქის, სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სამკურნალო მიზნებით მოქალაქეებისთვის თბილისში გამგზავრება გამარტივდა, ბევრი მათგანი ამას კვლავ ვერ ახერხებს, რადგან ისინი საკარანტინო სივრცეებში ხვდებიან არა მხოლოდ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, არამედ, მოგვიანებითაც, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში დაბრუნების დროსაც.

“დედაჩემს დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აქვს, თუმცა ახლა თბილისში ვერ წავა სამკურნალოდ, რადგან სკოლაში მუშაობს და კარანტინის ვადის გათვალისწინებით, ამდენი ხნით ვერ გათავისუფლდება, ამიტომ იძულებულია, რომ ცოტა ხანი კიდევ მოითმინოს და შემდეგ, შვებულების დროს წავიდეს სამკურნალოდ”, – ამბობს მეარაყიშვილი ნეტგაზეთთან.

“პოლიტიკა არ არის საჭიროებებზე მორგებული”

“კარანტინის ზომები, ფაქტობრივად, არ უკავშირდება გალელებისა და ახალგორელების ინტერესებს. მათ [გალელებს] სურთ, რომ ზუგდიდში გადმოსვლისთანავე დაბრუნდნენ უკან. ამისთვის ხუთი დღის განმავლობაში სასტუმროში კარანტინში გაჩერება მათ ინტერესებში არ შედის, რადგან მათ სახლში ელოდებათ ოჯახის წევრები, ზოგჯერ- არასრულწლოვნები ან ხანდაზმულები, აქვთ მეურნეობა, რომელსაც ვერავის დაუტოვებენ. მათი სურვილია, რომ მოკლე ვადაში მიიღონ ის საჭიროებები, რომელსაც ვერ მიიღებენ გალში და რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდნენ უკან. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული სახელმწიფო ამ პრობლემასა და საჭიროებას ვერ პასუხობს და მთლიანობაში ეს მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად ართულებს მათ ჰუმანიტარულ მდგომარეობას”, – აცხადებს ნეტგაზეთთან საუბრისას უჩა ნანუაშვილი.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, “ძალიან ბევრი სხვა საჭიროება, რომელიც გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას სჭირდება, არ ყოფილა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ კრიზისულ გეგმაში გათვალისწინებული”.

“მათი [გალელებისა და ახალგორელების] დახმარების პროგრამა სრულიად არ იყო გათვალისწინებული, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მთლიანად ქართული პოლიტიკა ვერ ხედავს ჩვენს თანამემამულეებს, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. ჩვენ არ უნდა ვექცეოდეთ ჩვენს თანამემამულეებს ისე, როგორც უცხოელებს”, – მიაჩნია უჩა ნანუაშვილს.

მისივე თქმით, მისთვის გასაგებია ის არგუმენტი, რომ ქართული მხარე ვერ აკონტროლებს იქ არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, თუმცა მიაჩნია, რომ თბილისს ადგილობრივი საავადმყოფოების გამოყენებით ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, თუ როგორ მოქმედებს დაწესებული საკარანტინო ზომები გამყოფ ხაზს მიღმა არსებული დასახლებების დეპოპულაციაზე, უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ეს პროცესი გამყოფ ხაზს მიღმა პანდემიამდე ადრე იყო დაწყებული, თუმცა:

“ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გარკვეულწილად ჰუმანიტარული კრიზისი შეინიშნება. იმის გამო, რომ უკვე არსებობდა მძიმე მდგომარეობა, ხოლო პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა, რეალურად ისინი იძულებულნი არიან დატოვონ საკუთარი სახლები და გადმოვიდნენ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს ახალგორთან მიმართებაში შორს წასული პროცესია, მაგრამ გალშიც ამის ნიშნები ჩანს. ეს პირობები ხელოვნურადაა დამძიმებული”, – განაცხადა ნანუაშვილმა.


17 მარტს ზუგდიდში, ანაკლიის საკარანტინეო სივრცეში გარდაიცვალა გამყოფ ხაზს მიღმა მცხოვრები ქალი, რომელიც იქ წინა დღით, აფხაზეთიდან გადმოსვლის შემდეგ მოათავსეს.

5-დღიანი კარანტინის გაუქმებას ითხოვდა მოქალაქეთა ჯგუფი, რომელთაც მსგავსი მოთხოვნით, პეტიციაც შეადგინეს, თუმცა დაგეგმილი ხმების მოგროვება ვერ მოხერხდა.

კარანტინის გაუქმებას ითხოვდა პოლიტიკოსი ელენე ხოშტარიაც, რომლის განცხადებითაც, “მთავრობა არ შეიძლება იგნორირებას უწევდეს საკუთარ მოქალაქეებს”.

საქართველოს მთავრობამ წინა კვირას მიიღო გადაწყვეტილება, რომ დე ფაქტო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოქალაქეებს შეეძლებოდათ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და ვაქცინაციის პროცესში ჩართვა. ნეტგაზეთი დაინტერესდა, ამ შემთხვევაში მოხვდებიან თუ არა მოქალაქეები საკარანტინო სივრცეში, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

6 ექვსი აპრილის მონაცემებით, დე ფაქტო მთავრობის ცნობით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და რიცხვი 3237-მდე გაიზარდა.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ცნობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლინდა კორონავირუსის 13487 დადასტურებული შემთხვევა, ხოლო გარდაიცვალა 214 ადამიანი.

ცხინვალსა და სოხუმში ვაქცინაციის პროცესი ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი