ახალი ამბები

მოსამართლემ ნიკა მელიას თავსსავე პროცესზე დასწრების უფლება მისცა

8 აპრილი, 2021 •
მოსამართლემ ნიკა მელიას თავსსავე პროცესზე დასწრების უფლება მისცა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრებას შეძლებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დღეს, 8 აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღო.

პროცესზე მელიას დასწრების შუამდგომლობა მისმა ადვოკატებმა დააყენეს, რასაც პროკურატურაც დაეთანხმა.

სასამართლო განხილვა 13 აპრილისთვის გადაიდო. ნიკა მელია სწორედ ამ დღიდან შეძლებს პროცესზე დასწრებას.

დღევანდელი სასამართლო განხილვის პარალელურად, სასამართლოს ეზოში ნიკა მელიას მხარდაჭმერები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის დაწყებამდე მათ პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოუვიდათ, რადგან სამართალდამცავები მათ ეზოში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.


თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა. ბრალდების მხარემ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების შუამდგომლობა მას შემდეგ დააყენა, რაც მან არ გადაიხადა 30 000-ლარიან გირაოს დამატებული 40 000 ლარი, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის მოხსნისთვის, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით დაეკისრა.

ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 25 თებერვალს დაუშვებლად ცნო საჩივარი მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც პროკურატურამ ბრიფინგი გამართა და მზადყოფნაგამოთქვა, დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში ედება ბრალი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი