ახალი ამბები

იუსტიციის სახლში დაცვის თანამშრომელმა მოქალაქეს თავში “რაცია” ჩაარტყა – სახელმწიფო ინსპექტორი

7 აპრილი, 2021 •
იუსტიციის სახლში დაცვის თანამშრომელმა მოქალაქეს თავში “რაცია” ჩაარტყა – სახელმწიფო ინსპექტორი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, იუსტიციის სახლში დაცვის თანამშრომელმა მოქალაქეს ე.წ. რაცია თავის არეში ჩაარტყა. მათივე ცნობით, შემთხვევა 2020 წლის 4 დეკემბერს მოხდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროს ინსპექტორს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა თბილისის იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე, შელაპარაკება მოუვიდა იუსტიციის სახლში სერვისის მისაღებად მისულ მოქალაქესთან. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსმა ინსპექტორმა სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული ხელის რადიოსადგური (ე.წ. ,,რაცია’’) რამდენჯერმე ჩაარტყა მოქალაქეს თავის არეში. აღნიშნულის შედეგად ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება”, — აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ათობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტები, გამოიკითხა 20-მდე მოწმე, ამოღებულ იქნა დანაშაულის იარაღი, გამოთხოვილი იქნა ვიდეოჩანაწერები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ჩატარდა სამედიცინო და სხვა სახის ექსპერტიზები.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2021 წლის 7 აპრილს გამოიტანა დადგენილება შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. აღნიშნული ბრალდება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს წარედგინა  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი