ახალი ამბები

ვაქცინაციისთვის ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა სია შეიქმნება – ტიკარაძე

7 აპრილი, 2021 •
ვაქცინაციისთვის ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა სია შეიქმნება – ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მომავალ კვირაში ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად შეადგენს იმ პირთა სიებს, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, რათა ვაქცინაციის პორტალზე მათი იდენტიფიცირება მოხდეს და ამ პირებმა COVID-19-ზე ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შეძლონ:

“მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ საკმაოდ დიდი მოთხოვნიდან ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. ეს არის ქრონიკული დაავადებების მქონე პირების უფრო მეტად ინტენსიური ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.

ამისათვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ჩვენს პარტნიორ დაწესებულებებთან ერთად, დამატებით იმუშავებს შემდეგი კვირის მანძილზე. ჩვენ შევადგენთ სიებს იმ არსებული ბაზებიდან, რომელიც ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში გაგვაჩნია.

ეს სიები განთავსდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის პორტალზე, რითაც პროგრამა შეძლებს იდენტიფიცირებას იმ ადამიანების, ვისაც აქვს მაღალი რისკი და, შესაბამისად, ეს ადამიანები შეძლებენ დარეგისტრირებას”, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

ამ ეტაპზე ვაქვინაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ რამდენიმე ჯგუფისთვის. მათ შორის, სამედიცინო სექტორში დასაქმებულთათვის, 55 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, დიალიზის საჭიროების მქონე და ორგანოგადანერგილი პირებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი