თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ვაშლიჯვრის მეწყერთან დაკავშირებით “კონკრეტული ადამიანები მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ავრცელებენ”. ამის შესახებ მან დღეს, 7 აპრილს, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძე საზოგადოებას მოუწოდებს, ასეთ ადამიანებს არ დაუჯერონ.
“სამწუხაროდ, არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია, დათესონ პანიკა და ა.შ. კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, რომ არ დაუჯეროთ არავის, ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საზოგადოებასთან და ჩვენი ყოველდღიური გამოსვლებით ვცდილობთ, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია არსებულ მდგომაროებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვსაუბრობთ ფერდზე, სადაც რამდენიმე ათეული წელია არსებობს ეს პრობლემა”, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შესაბამისი უწყებების მიერ შემუშავებულია ევაკუაციის გეგმა, თუმცა, მისი თქმით, ამ დროისთვის მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს.
კახა კალაძის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაჭავარიანის ქუჩის ფერდი უახლოეს მომავალში უსაფრთხო გახდეს და საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნას.
:მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისთვის შევისყიდეთ კვლევა-პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების მომსახურება, რომელსაც კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ გვაწვდის. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება მსგავსი ტიპის ზონებში მუშაობის, მათ შორის, წყნეთი-ბეთანიის გზაზე, სადაც მათთან ერთად ჩართული იყვნენ უშუალოდ ის გერმანელი სპეციალისტები, რომლებიც დღეს გვეხმარებიან ვაშლიჯვრის ფერდის პრობლემის მოგვარებაში. ასევე, აღნიშნული კომპანია და გერმანელი ექსპერტები ჩართულნი არიან შეშელიძის ქუჩაზე მეწყრული ფერდის პრობლემის მოგვარებაში, სადაც სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. ამჟამად, ფერდის სტაბილიზაციისა და მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის, ყველა გადაუდებელი ღონისძიება ტარდება. კერძოდ, ზედა ნაწილში მიმდინარეობს ცემენტიზაცია, რათა მეწყრის გადაადგილება შემცირდეს. ასევე, ეწყობა დროებითი გზები, რათა სამუშაოების მომდევნო ეტაპზე გატარდეს მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მაჭავარიანის ქუჩის უსაფრთხოებას და მოძრაობის აღდგენას. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს და ეს ფერდი უსაფრთხო იყოს“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერი გაჩნდა — ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები.
წინასწარი შეფასებით, საუბარია ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასის მიწაზე, თუმცა ამ დროისთვის შეუძლებელია იმის თქმა, რას გაანადგურებს მასა. რაც დაზუსტებით იციან მეცნიერებმა, მათ შორის, ილიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტიდან, არის ის, რომ მეწყერი აქტიურ დინამიკაშია. პირველადი მონაცემებით, ის დღეში დაახლოებით 5 სანტიმეტრით მოძრაობს.
თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან აშენებს ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას. 2020 წლის 16 მარტიდან კი ზვავის საშიშროების გამო მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.
მეწყრის შესასწავლად მერიამ გერმანიიდან ექსპერტები ჩამოიყვანა, ისინი მუშაობას 23 მარტს შეუდგნენ და პირველივე დღესვე თქვეს, რომ შესაძლო მასშტაბური მეწყერი ინიცირების ფაზაშია. მერიას დაგვიანებული ნაბიჯებსა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ დამოუკიდებელი ექსპერტები.
მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ჯერ კიდევ 25 მარტს განაცხადა, რომ მეწყრის შესაკავებლად გაკეთდება დროებითი წინაღობა – „მის შემდეგ უკვე მოეწყობა უსაფრთხო მისასვლელები დამეწყრილ ადგილზე, შემდეგ მოხდება მიწის გარკვეული მასების მოჭრა და გატანა, ტერასული ტიპის სამუშაოები და მნიშვნელოვანია, რომ აქ უნდა მოხდეს ე.წ. დაანკერების პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ მცოცავი ფერდი, რაც არის, მისი შეჩერება მოხდეს ანკერული [გამაგრების] პრინციპით“.
მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის მერია 7 მილიონ ლარამდე დახარვჯას გეგმავს. ფერდის გამაგრების პროცესი მერიამ 29 მარტს დაიწყო. ამის პარალელურად კი სეისმური მონიტორინგის ცენტრმა ვაშლიჯვრის მეწყერზე შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნა. ანგარიში ნახეთ აქ:
სეისმური მონიტორინგის ცენტრი ვაშლიჯვრის მეწყერზე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს