ახალი ამბები

სეისმური მონიტორინგის ცენტრი ვაშლიჯვრის მეწყერზე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

1 აპრილი, 2021 • 854
სეისმური მონიტორინგის ცენტრი ვაშლიჯვრის მეწყერზე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე განვითარებული მეწყრული პროცესების მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს ავრცელებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ გეოლოგიური, გეოდეზიური და გეოფიზიკური კვლევებით დგინდება, რომ მაჭავარიანის ქუჩის ბლოკური მეწყერი დინამიკაშია და მეწყრული სხეული განიცდის ინტენსიურ დეფორმაციას. მეწყრული სხეული, ანგარიშის მიხედვით, დანაწევრებული და არაერთგვაროვანია. შესაბამისად, მოწყვეტის შემთხვევაში დიდი ალბათობაა, არაერთგვაროვანი და დანაწევრებული მასა დაიძრას.

ამასთან, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მეწყრის მოწყვეტის ფაზის შესაძლო იდენტიფიკაციისთვის საჭიროა სპეციალური აპარატურა, რომელიც მაღალი სიზუსტით იძლევა შესაძლებლობას, განისაზღვროს სხეულის გადაადგილება, სიჩქარე და აჩქარება.

“სრულყოფილი მონიტორინგისთვის აუცილებელია მეწყრის პერიმეტრის რეგულარული დაცვა ზედმეტი ვიბრაციის, ფერდის დატვირთვის თავიდან ასაცილებლად და ფონური ხმაურის დასაწევად” ,- ვკითხულობთ შუალედურ ანგარიშში.

დოკუმენტის ავტორების თქმით, ბლოკური მეწყრის ხასიათის, გავრცელების არეალის ტოპოგრაფიიდან გამომდინარე შედარებით მცირეა ალბათობა იმისა, რომ დაძრული მასა გელოვანის გამზირამდე ჩავიდეს, მაგრამ მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მათი შეფასებით, მცირე ალბათობაც გასათვალისწინებელია:

“ვინაირან მეწყრის გავრცელების არეალის ზუსტი პროგნოზირება ხშირად შეუძლებელია, აუცილებელია, გავრცელების სავარაუდო არეალიდან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე დროებითი გადაყვანა”, – წერია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტის ავტორების თქმით, მეწყრის გამომწვევ მიზეზებს შორისაა მაჭავარიანის ქუჩაზე გზის გაფართოება-გაყვანის და წყალსადენი მილების რეაბილიტაციის დროს წარმოებული სამუშაოები და ფერდის დატვირთვა.

გაეცანით დოკუმენტს სრულად:

მასალების გადაბეჭდვის წესი