ახალი ამბები

ოპოზიციის ბოიკოტს 60% არ ეთანხმება – IRI-ის კვლევა

5 აპრილი, 2021 • 938
ოპოზიციის ბოიკოტს 60% არ ეთანხმება – IRI-ის კვლევა

IRI-ის გამოკითვხის თანახმად, პარლამენტში ოპოზიციის ბოიკოტს 60% არ ეთანხმება, 26% ეთანხმება, ხოლო 14 პროცენტს პასუხი არ აქვს.

კვლევის ავტორებმა ამ კითხვაზე პასუხი პარტიების მხარდამჭერების მიხედვითაც ჩაშალეს. აღმოჩნდა, რომ ერთადერთი პარტია, რომლის მხარდამჭერების უმეტესობაც (59%) ბოიკოტს ამართლებს, ნაციონალური მოძრაობაა. მაგალითად, სტრატეგია აღმაშენებლის მხარდამჭერების 38% ამბობს, რომ ბოიკოტს მხარს უჭერს, 49% ეწინააღმდეგება. ევროპული საქართველოს მხარდამჭერთა 27 პროცენტი ეთანხმება ბოიკოტს, 44% ეწინააღმდეგება.

რაც შეეხება მიზეზებს, რის გამოც ადამიანები მხარს უჭერენ ბოიკოტს, კვლევის თანახმად, მათ 44%-ს, ვინც ბოიკოტს მხარს უჭერს, შესაბამის კითხვაზე პასუხი არ აქვს/არ იცის. 17% აცხადებს, რომ ბოიკოტს დაკარგული ხმების დასაცავად უჭერს მხარს, 14% – მთავრობის შესაცვლელად; 11% – არჩევნების შედეგების ანულირებისთვის; 7% აცხადებს, რომ საჭიროა განმეორებითი არჩევნები, ხოლო 7%-ის თქმით, სამართლიანობის აღასადგენად.

ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის ნახევარი ვადამდელ არჩევნებს ეთანხმება, ნახევარი კი, არა. 45% არ ემხრობა ვადამდელი არჩევნების იდეას, აქედან 33% ამბობს, რომ კატეგორიულად არ ემხრობა, 12% კი- ნაწილობრივ.

პარალელურად, იგივე რაოდენობა ეთანხმება ვადამდელი არჩევნების იდეას, კერძოდ, 25% აბსოლუტურად ეთანხმება ამ იდეას, 20% კი- ნაწილობრივ. 9%-ს პასუხი არ აქვს.

ამ გრაფაში პასუხები ზუსტად 100%-ს არ აჯამებს. როგორც კვლევის ავტორები განმარტავენ, ეს მოხდა იმიტომ, რომ პროცენტულობა საბოლოოდ დამრგვალდა.


კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. კვლევის ფარგლებში საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ.

ორგანიზაციის განცხადებით, მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. IRI აღნიშნავს, რომ შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.

მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი