ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საპარლამენტო ბოიკოტის მიუხედავად, ცხინვალში ბიუჯეტი მაინც მიიღეს

16 თებერვალი, 2021 • 880
საპარლამენტო ბოიკოტის მიუხედავად, ცხინვალში ბიუჯეტი მაინც მიიღეს

ცხინვალში, დე ფაქტო პარლამენტში ქვორუმის არარსებობის მიუხედავად, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი მაინც დაამტკიცეს.

დოკუმენტს ხმა ორი პარტიის წარმომადგენლებმა მისცეს, მათ შორის – “გაერთიანებული ოსეთი” და “ხალხთა ერთობა”.

34- ადგილიანი პარლამენტში ქვორუმისთვის საჭირო იყო 23 ხმა. დეპუტატთა ნაწილი საპარლამენტო საქმიანობას პროტესტის ნიშნად არ ესწრება.

ბიუჯეტის პროექტს მხარი 18-მა დეპუტატმა დაუჭირა. მიღებული დოკუმენტის თანახმად, შემოსავლების 80 პროცენტზე მეტი რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყოფილი დახმარებაა.

დე ფაქტო ვიცე-სპიკერის, პიოტრ გასიევის თქმით, იმის გამო, რომ პარლამენტში ქვორუმი არ შედგა, მათ გამოიყენეს რუსეთის ფედერაციის ნორმა, რომლის მიხედვითაც, უმრავლესობას აქვს უფლება [ქვორუმის შედგენის მიუხედავად], მიიღოს ბიუჯეტის პროექტი.

მისი სიტყვები დაადასტურა დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის წარმომადგენელმა ანა კუმარიტოვამ.

ბიუჯეტის პროექტის მიუღებლობის გამო დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვერ იღებდნენ რუსეთის ფედერაციის სოციო-ეკონომიკურ დახმარებასა და ინვესტიციის პროგრამით გათვალისწინებულ თანხებს.

ფოტო გარეკანზე: დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო


დღეს დილით ცხინვალში მე-11-ჯერ ვერ შედგა საპარლამენტო სხდომა.

ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი უარს აცხადებს საპარლამენტო სხდომებზე დასწრებაზე. პარლამენტარებს მიაჩნიათ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი ურუზმაგ ჯაგაევი  შეგნებულად უშლის ხელს ზაფხულში მოკლულ ინალ ჯაბიევის საქმის გამოძიებას და ხელს აფარებს დამნაშავეებს.

მათივე თქმით, ჯაგაევს დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი მფარველობს.

დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. იგი რუსეთში დღეს წავიდა. მისივე პრესსამსახურის განცხადებით, “რუს კოლეგებთან სოციო-ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროს განიხილავს”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი