“საერთაშორისო იდეის” გლობალური პროგრამების მენეჯერის, ლორა თორნტონის შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც საქართველოში 2020 წლის არჩევნების ფართომასშტაბიანი გაყალბების მტკიცებულებები არ არსებობს, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა “პანდორას ყუთს ხსნის”. ამასთან, მისი განცხადებით, ქვეყნის არჩევნებთან დაკავშირებით არაერთი ანგარიში ცხადყოფს, რომ “არჩევნებში სერიოზული პრობლემები იყო”, თუმცა, თორნტონის აზრით, ეს პრობლემები არა უშუალოდ არჩევნების დღეს, არამედ სრულად არჩევნების პერიოდს უკავშირდება. ამის შესახებ თორნტონმა “ამერიკის ხმასთან” ისაუბრა.
“ჩემი აზრით, საქართველოში ორი ყველაზე დიდი საარჩევნო პრობლემა სახელმწიფო რესურსის ბოროტად გამოყენება და დაშინებაა. საქართველოს საარჩევნო კანონი, საერთაშორისო გადმოსახედიდან, ასე თუ ისე ნორმალურია. მე ცესკოს შემადგენლობას შევცვლიდი, მაგრამ ამის გარდა, ბევრი საკანონმდებლო ცვლილება საჭირო არ არის. ის, რაც გასასწორებელია, ძირითადად ცესკოს მიერ მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებით იქნებოდა შესაძლებელი. დიდი პრობლემების მოგვარებას კი დიდი დრო დასჭირდება.
მაგალითად, რატომ ჰგონიათ საჯარო მოხელეებს, რომ მმართველი პარტია თუ არ გაიმარჯვებს, მათ სამსახურებიდან გაათავისუფლებენ. ეს კვლავ იმ ნულოვანი ჯამის პრინციპს უკავშირდება, რომელზეც წეღან ვისაუბრეთ. ქვეყანაში დასაქმებული ადამიანების დაახლოებით 50 პროცენტი საჯარო სამსახურშია, მათ არ უნდა ეშინოდეთ არჩევნების შედეგების. ამ ადამიანების დაშინებას დიდი ძალისხმევა არ უნდა. მაგალითად, მასწავლებლებთან არჩევნების წინ სკოლის დირექტორი შედის და ეუბნება, რომ ხმა „ქართულ ოცნებას“ უნდა მისცენ. ეს დაშინებაა და ამას კანონით ვერ შეცვლი. საარჩევნო სისტემის რეფორმა აუცილებელია და ეს ცესკოს შემადგენლობის შეცვლით უნდა დაიწყოს. მაგრამ ზოგიერთი ცვლილება დღესვე რომ იქნას შეტანილი და ერთ თვეში არჩევნები ჩატარდეს, არ მგონია, დიდად განსხვავებული შედეგი მივიღოთ”, – განმარტა თორნტონმა “ამერიკის ხმასთან”.
თორნტონის შეფასებით, კონკურენტული საარჩევნო გარემოს შესაქმნელად საჭიროა სახელმწიფო რესურსების გამოყენებისა და დაშინების აღმოფხვრა, ასევე, მედიაგარემოს დეესკალაცია და თანასწორი თამაშის წესების ქონა. მისი განმარტებით, ძალიან ცოტა საკანონმდებლო ცვლილება არსებობს ისეთი, რაც არჩევნების შედეგებს ოპოზიციის სურვილისამებრ გამოასწორებდა.
“საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად, ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, რომლებიც პარალელურ დათვლას აწარმოებდნენ, არჩევნები ლეგიტიმურად ჩათვალეს და თქვეს, რომ „ქართული ოცნება“ მარტივ უმრავლესობას მოიპოვებდა. ფართო კონტექსტს რომ დავუბრუნდე – ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, როცა ფართომასშტაბიანი გაყალბების მტკიცებულებები არ არსებობს, პანდორას ყუთს ხსნის.
ვფიქრობ, ეს მოლიპული დაღმართია. მე იმ ძირეული ცვლილებების განხორციელებაში დავხარჯავდი დროსა და ძალისხმევას, რომლებიც ინსტიტუტების გარდაქმნას სჭირდება, არჩევნებს კი გეგმურად ჩავატარებდი. თან ახალ არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი”, – განმარტა თორნტონმა.
თორნტონმა ასევე ისაუბრა პოლიტიკურ პარტიებს შორის მიმდინარე მოლაპრაკებებზე. მისი შეფასებით, ამ ეტაპზე “სიტუაცია ისე გამოიყურება, რომ მოლაპარაკებები არ მუშაობს”, თუმცა ამერიკას და ევროკავშირს კვლავ აქვთ “რამდენიმე თაფლაკვერი და წკეპლა”.
მისი თქმით, პირველი ნაბიჯები “ქართულმა ოცნებამ”, როგორც მმართველმა პარტიამ, უნდა გადადგას, მაგალითად, გაათავისუფლოს ნიკა მელია და გიორგი რურუა, რის შემდეგაც უკვე ოპოზიცია უნდა დათანხმდეს რაღაცას:
“შეიძლება, ეს მეთოდიც ჩავარდეს და განსაკუთრებით მმართველმა პარტიამ თქვას, რომ არ აღელვებთ ევროკავშირის მუქარა ფინანსური დახმარების შეჩერებაზე. არ ვისურვებდი, რომ საქმე ამ წკეპლების მიდგომამდე მივიდეს და ევროკავშირმა და ამერიკამ დახმარების შეწყვეტა დაიწყონ. მაგრამ მათ ამის საშუალება ნამდვილად აქვთ. აქ საქმე ისევ იმ ნულოვანი ჯამის თამაშთან გვაქვს, რომლის დროსაც სიტუაციას ყველა მოგების ან წაგების თვალსაზრისით უყურებს. მხარეებს ჰგონიათ, რომ მხოლოდ ერთი გამარჯვებული უნდა დარჩეს. ჩვენ, გარე დამკვირვებლები ვხედავთ, რომ ორივე მხარეს შეუძლია გამარჯვება, მაგრამ ისინი ისე არიან საკუთარ ჩარჩოებში ჩაკეტილი, რომ ამის დანახვა უჭირთ. ამიტომაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. ასევე მნიშვნელოვანია ჟურნალისტური სტანდარტების გაძლიერება, ადგილობრივი მედიასაშუალებების განვითარება. ეს დეესკალაციას ხელს შეუწყობს, რადგან არ მგონია, ძირითადი მედიასაშუალებები სიტუაციის განმუხტვას ეხმარებოდეს”, – განმარტა თორნტონმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რისი გაკეთება შეუძლია ამ ეტაპზე ოპოზიციას, “დარჩეს გარეთ და ისე გააგრძელოს ბრძოლა, თუ შევიდეს პარლამენტში და იქიდან შეცვალოს სიტუაცია”, თორნტონმა უპასუხა, რომ “გლობალური გადმოსახედიდან პარლამენტის ბოიკოტი სარისკო საქმეა” და ამ გზით იშვიათად აღწევენ მიზანს. მისი შეფასებით, ოპოზიციის ბოიკოტის თავდაპირველი მიზანი იყო, რომ “ქართული ოცნება” ერთპარტიულ, არადემოკრატიულ მმართველად წარმოეჩინათ და “შეიძლება ამ მიზანს მიაღწიეს”, თუმცა, თორნტონის თქმით, როგორც წესი, საზოგადოებას ბოიკოტი არ მოსწონს.
“ოპოზიციას სჭირდება საკუთარი ამომრჩევლის ინტერესებისა და დიდი პოლიტიკური გზავნილის ბალანსი. ჩემთვის არავის აუხსნია, რა იყო პარლამენტის ბოიკოტის მიზანი. მე უბრალოდ ვხვდები, რომ ეს შესაძლოა ქვეყანაზე ცუდი იმიჯის შექმნა ყოფილიყო და ამაში ოპოზიციამ მიზანს, ვფიქრობ, მიაღწია. ვიტყოდი, რომ ბოიკოტი ამ მოლაპარაკების ნაწილია, რადგან „ქართულ ოცნებას“ ძალიან უნდა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს. ამიტომ, მთავრობა პირველი მხარე უნდა იყოს, რომელიც ნაბიჯს გადადგამს, იქნება ეს პატიმრების გათავისუფლება, გენერალური პროკურორის დანიშვნა თუ ცესკოს თავმჯდომარის 2/3-ით დანიშვნა. მთავრობამ რაღაც უნდა გააკეთოს იმის სანაცვლოდ, რომ ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდეს”, – განმარტა თორნტონმა.
ამასთან, მისი განმარტებით საქართველოში შექმნილი პოლიტიკური გარემო ქვეყნის მტრებისთვის არის სასარგებლო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, და “არალიბერალურ, არადემოკრატიულ ძალებს” შეუძლიათ “იმედგაცრუებული და გაღიზიანებული მოსახელობის განწყობების” ბოროტად გამოყენება.
” როცა ხალხი საკუთარი პოლიტიკური ელიტით უკმაყოფილოა, როცა ხალხი ხედავს, რომ დემოკრატიას მათთვის კარგი არაფერი მოაქვს, ისინი სხვა მიმართულებას პოულობენ. ზოგ ქვეყანაში ეს ტერორისტული ორგანიზაციებია, ზოგან- დესტრუქციული მოძრაობები”, – განმარტა თორნტონმა.
ამასთან, მისი განმარტებით, პარტიებს ახალი ლიდერები სჭირდებათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უნდა შეიქმნას ახალი პარტიები, რადგან ხალხს “უჭირს, ამ სიახლეებს დაეწიოს”. თორნტონის აზრით, მთავარმა პარტიებმა ახალი ლიდერების მოყვანა უნდა სცადონ და ასევე შეეცადონ,იყვნენ უფრო ინკლუზიურები.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს ამ კონტექტსში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებაზე, თორნტონის შეფასებით, “ეს რთული საქმე იქნება”, რადგან გახარია “გავრილოვის ღამის დარბევის ერთგვარი სახე იყო” და დიდი ხნის განმავლობაში ასოცირდებოდა კონკრეტულ ძალასთან. თორნტონი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფრის ფონზე “რთულია რაღაც ახლის შექმნა”.