ქუთაისში პოლიციამ KutaisiToday-ის ჟურნალისტს, ბუბა ჩივაძეს ძალის გამოყენებით მერიის შენობა დაატოვებინა, შემდეგ კი დააკავა. კადრებს „მთავარი არხი“ ავრცელებს.
მანამდე ჩივაძე მერის შენობაში შესვლას ითხოვდა, რისი საშუალებაც თავდაპირველად დაცვამ არ მისცა.
პირდაპირ ეთერში, რომელიც ჩივაძემ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ჩართო, ჩანს, რომ დაცვა მისგან საშვს ითხოვს. თავის მხრივ, ჩივაძე ამბობს, რომ ასეთი მოთხოვნა მანამდე არ ყოფილა და ადმინისტრაციულ შენობაში შესვვლა ჟურნალისტს თავისუფლად უნდა შეეძლოს.
ვიდეოს დასაწყისში კარგად არც ჟურნალისტის სახე ჩანს და არც დაცვის. თუმცა ამავე პერიოდში ჟურნალისტი ძირს ეცემა. ის შემდგომ ამბობს, რომ დაცვამ მასზე იძალადა, რასაც დაცვის წევრები უარყოფენ.
საბოლოოდ ბუბა ჩივაძე შენობაში შედის. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მან მალევე მერის კაბინეტში შიმშილობა დაიწყო.
პოლიციის მიერ შენობიდან მის გაყვანამდე ბუბა ჩივაძე ამბობდა:
„მერიაში გადავადგილდებოდი, დაცვის თანამშრომელმა შემიზღუდა გადაადგილება, პირდაპირი ეთერით გადავცემდი შემოსვლას, წამაქცია და მივიღე დაზიანებები.
გამოვიძახე გენერალური ინსპექცია, პერსონალური დაცვის ინესპექტორი, ზარი განვახორციელე ჯანდაცვის სამინისტროში იმიტომ, რომ დაცვის თანამშრომლებს არ ეკეთათ პირბადე. ქალაქის მერი იმყოფება შენობაში, დაიმალა, განმარტოს მან, რის საფუძველზე ესაჭიროება ჟურნალისტს ადმინისტრაციულ შენობაში გადაადგილების უფლება”.
ნეტგაზეთი დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას სახელმწიფო უწყებებისგან ცდილობს.
გარეკანი ფოტო: მთავარი არხი