კვირას, 4 აპრილს, 12 საათზე „ნამახვანი ჰესის“ წინააღმდეგ მორიგი აქციაა დაგეგმილი. აქციისთვის მზადების პარალელურად, ხეობის მიდამოებში დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. ადგილზე მიყვანილია წყლის ჭავლის მანქანა.
„რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენელი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ აქცია მშვიდობიანი იქნება. „ამას ხაზგასმით ვამბობთ, მშვიდობიანად ვაპირებთ, როგორც აქამდე, 161 დღეა, მოვდივართ, გავაგრძელოთ იგივე რეჟიმში“, – უთხრა მან გამოცემა „მთის ამბებს“.
„რადგან არაფერს ვაზიანებთ, არც ქვას ვისვრით, არც ტექნიკას ვუვარდებით, უბრალოდ მივდივართ ჩვენი ძირითადი პროტესტის ადგილზე, ვითხოვთ ამ უფლებას მხოლოდ. ამ ნაწილში თუ არ გაითვალისწინებენ ჩვენს მოთხოვნას, მათი მხრიდან იქნება კანონდარღვევა და ეს არის, რასაც ვაპროტესტებთ“, – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.
აქტივისტები ამჟამად ნამოხვანიდან, — სადაც კარვებია გაშლილი, — სოფელ გუმათში არიან გადმოსულები. სწორედ სოფელ გუმათთან არის დიდი რაოდენობით პოლიციელი გამაგრებული. ისინი წინა დღიდან მოყოლებული ითხოვენ, ნამოხვანში მისასვლელი გზა გაიხსნას.
ვითარება ხეობაში წინა დილიდან დაიძაბა — მას შემდეგ, რაც კომპანიის ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე იქ ჩავიდა, მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შეხვდა და უთხრა, რომ ადგილზე ჰესის წინამოსამზადებელი სამუშაოები უნდა გაგრძელებულიყო.
ადგილზე დილიდანვე პოლიცია იყო მობილიზებული. სამუშაოები მალევე განახლდა, რაც ადგილობრივებმა გააპროტესტეს. შსს-მ ორი ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა. მათ პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.
შსს-მ დაადასტურა მანამდე აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პოლიციამ რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება შეზღუდა. უწყებამ ეს უსაფრთხოების დაცვით ახსნა.
რაც შეეხება სოფელ ნამახვანში მობილიზებულ სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც პროტესტის ზოგიერთი მონაწილე სიგნალის დამხშობად განიხილავდა: შსს-მ თქვა, რომ ის „რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს“.
3 მარტს, გვიან ღამით, სოფელ გუმათში პოლიციამ დააჯარიმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტები, რომელთაც სოფელ ნამახვანში ჩასვლა კარვებში მყოფ თანამოაზრეებთან შეერთება სურდათ.
რიონის ხეობაში თვეების მანძილზე აპროტესტებენ მდინარეზე ჰესების კასკადის მშენებლობას. პროტესტის მონაწილეებს ხეობის სოფელ ნამახვანში კარვები აქვთ გაშლილი. მათი ორგანიზებით ორჯერ გაიმართა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია ქუთაისის ცენტრში.
გარეკანის ფოტოზე: ხეობაში მობილიზებული წყლის ჭავლის მანქანა. ფოტო: „მთის ამბები“
ნახეთ ასევე:
სოფელ გუმათში “კომენდანტის” დარღვევისთვის დაგვაჯარიმეს: “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეები