თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, რომ მერია მეწყრის მასის შემცირებას გეგმავს . ეს ნიშნავს, რომ მერია დამეწყრილი ზონიდან მიწის მასებს სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით გაიტანს.
„მივიღეთ პირველადი გადაწყვეტილება,რომ მოხდეს მეწყერის მასის ე.წ. ტანის შემცირება. ასევე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს დროებითი მისასვლელი გზების მოწყობა.
ჩვენ წინა კვირას მოსახლეობას შევპირდით, რომ ამ კვირის ბოლომდე დავამონტაჟებდით მონიტორინგის სისტემას და დღევანდელი დღის მონაცემებით ეს სისტემა უკვე დამონტაჟებულია, რომელიც კიდევ უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს, უწყვეტ რეჟიმში განვახორციელოთ დაკვირვება და შესაბამისი მონიტორინგი“, – აცხადებს ბენდელიანი ჟურნალისტებთან.
თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერი გაჩნდა — ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები.
წინასწარი შეფასებით, საუბარია ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასის მიწაზე, თუმცა ამ დროისთვის შეუძლებელია იმის თქმა, რას გაანადგურებს მასა. რაც დაზუსტებით იციან მეცნიერებმა, მათ შორის, ილიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტიდან, არის ის, რომ მეწყერი აქტიურ დინამიკაშია. პირველადი მონაცემებით, ის დღეში დაახლოებით 5 სანტიმეტრით მოძრაობს.
თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან აშენებს ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას. 2020 წლის 16 მარტიდან კი ზვავის საშიშროების გამო მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.
მეწყერთან საბრძოლველად მერიამ გერმანიიდან ექსპერტები ჩამოიყვანა, ისინი მუშაობას 23 მარტს შეუდგნენ და პირველივე დღესვე თქვეს, რომ შესაძლო მასშტაბური მეწყერი ინიცირების ფაზაშია. მერიას დაგვიანებული ნაბიჯებსა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ დამოუკიდებელი ექსპერტები.
მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ჯერ კიდევ 25 მარტს განაცხადა, რომ მეწყრის შესაკავებლად გაკეთდება დროებითი წინაღობა – „მის შემდეგ უკვე მოეწყობა უსაფრთხო მისასვლელები დამეწყრილ ადგილზე, შემდეგ მოხდება მიწის გარკვეული მასების მოჭრა და გატანა, ტერასული ტიპის სამუშაოები და მნიშვნელოვანია, რომ აქ უნდა მოხდეს ე.წ. დაანკერების პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ მცოცავი ფერდი, რაც არის, მისი შეჩერება მოხდეს ანკერული [გამაგრების] პრინციპით“.
მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის მერია 7 მილიონ ლარამდე დახარვჯას გეგმავს. ფერდის გამაგრების პროცესი მერიამ 29 მარტს დაიწყო. ამის პარალელურად კი სეისმური მონიტორინგის ცენტრმა ვაშლიჯვრის მეწყერზე შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნა. ანგარიში ნახეთ აქ:
სეისმური მონიტორინგის ცენტრი ვაშლიჯვრის მეწყერზე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს