აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სამუშაოები ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით ჩატარდება.

ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, წერს APA.

მისი თქმით, აზერბაიჯანმა და სომხეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საზღვრების გადაკვეთის წერტილიდან დაიწყება.

მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანის მხრიდან დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიას პრემიერ-მინისტრის მოადგილე შაჰინ მუსტაფაევი ხელმძღვანელობს.

„აზერბაიჯანის მხრიდან დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის შემადგენლობა უცვლელი რჩება. კომისიას პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ბატონი შაჰინ მუსტაფაევი ხელმძღვანელობს. კომისიების შეხვედრები და განხილვები რეგულარულად იმართება. სომხეთის მხრიდან შესაბამის კომისიასაც პრემიერ-მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს“, – განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

მისი თქმით, გასული პერიოდის განმავლობაში ორი ქვეყნის კომისიებს შორის არაერთი შეხვედრა გაიმართა, ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთში მიღებული და დამტკიცებული იქნა არაერთი დოკუმენტი, რომელიც კომისიების საქმიანობას არეგულირებს.

„არსებობს შეთანხმება, თუ რომელი მიმართულებიდან უნდა დაიწყოს და შემდგომ გაგრძელდეს ჩვენი საერთო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი. არსებობს თანხმობა და ურთიერთგაგება, რომ სამუშაოები დაიწყება საზღვრის უფრო რთული, ჩრდილოეთ მონაკვეთიდან – აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საზღვრების გადაკვეთის წერტილიდან და ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით გაგრძელდება“, – განაცხადა მინისტრმა.

„რაც შეეხება უფრო კონკრეტულ დეტალებს, რა თქმა უნდა, ყველა საკითხი საჭიროებისამებრ და შესაბამის დროს განიხილება და მოსალოდნელია, რომ ისინიც მოგვარდება. ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტთან დაკავშირებული საკითხები დელიმიტაციის კომისიის მუშაობის ფარგლებში განიხილება“-  ბაირამოვმა.