ახალი ამბები

გაბუნია: ორშაბათიდან “სინოფარმით” აცრისთვის მზად ვიქნებით, თუმცა WHO-ის გადაწყვეტილებას დაველოდებით

2 აპრილი, 2021 • 665
გაბუნია: ორშაბათიდან “სინოფარმით” აცრისთვის მზად ვიქნებით, თუმცა WHO-ის გადაწყვეტილებას დაველოდებით

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ჩინური წარმოების “სინოფარმის” ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე კვირის ბოლოს შემოვა, მომავალი კვირიდან იმუნიზაციის პროცესში ჩასართავად მზად იქნება, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას დაელოდება.

გაბუნია აცხადებს, რომ “სინოფარმის”, “სინოვაკის” და “მოდერნას” ვაქცინებისთვის ავტორიზაციის მინიჭებაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აპრილის შუა რიცხვებში იმსჯელებს, მანამდე კი WHO-სთან აქტიურ კომუნიკაციაში იქნებიან:

“ჩვენთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და შემდეგ რომელიმე მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია. დღემდე “მოდერნასაც” ბევრი ქვეყანა იყენებს, მაგრამ არ აქვს WHO-ის ავტორიზაცია. გუშინ განახლდა ავტორიზაციის კალენდარი და აპრილის შუა რიცხვები არის მითითებული  “სინოფარმის”, “სინოვაკის” და “მოდერნასთვის” მინიჭების საკითხი. ეს არის ის სამი დაწინაურებული ვაქცინა, რომელიც დღეს მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება, თუმცა ავტორიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას მათთვის ჯერ არ მიუნიჭებია.

დღეს გლობალურად ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა რთულია .ამიტომ ნებისმიერი პოტენციური ვაქცინა, რომელიც ვაქცინაციის გეგმის შესრულებაში დაგვეხმარება, იმ დაშვებით, რომ ავტორიზაციას მიიღებს “სინოფარმი” აპრილის ბოლომდე, ამიტომ შევიძინეთ ეს ვაქცინა და, რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებთ და ვაგრძელებთ კომუნიკაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან იმისთვის, რომ ნებისმიერი რისკი, თუ რამე არსებობს და გამოიკვეთა რომელიმე ქვეყანაში, ჩვენთვის გახდეს მაშინვე ცნობილი”, – ამბობს თამარ გაბუნია.

მისი თქმით, სამართლებრივად ქვეყანას არ სჭირდება, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას დაელოდოს, თუმცა იმისათვის, რომ პრეპარატის მიმართ ქვეყანაში ნდობა გაიზარდოს, ავტორიზაციის პროცესის დასრულებას დაელოდებიან:

“დიახ, ნამდვილად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, თუმცა სამართლებრივად, უნგრეთის მარეგულირებლის ავტორიზაცია არის ის წინაპირობა, რაც ჩვენ პასუხისმგებლობის გადაზღვევის შესაძლებლობას გვაძლევს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია სავალდებულო პირობა არ არის ქვეყნისთვის ვაქცინის გამოყენება-არგამოყენებისთვის. არის ბევრი ვაქცინა, რომელიც მილიონობით ადამიანს აქვს მიღებული და მათ არ აქვთ WHO-ის ავტორიზაცია მიღებული. ამ გადაწყვეტილებას ქვეყნები იღებენ.

აქ არჩევანის უფლებაც იმავე რეჟიმში იქნება, როგორც “ასტრაზენეკას” და “ფაიზერის” შემთხვევაში ხდება, ყველა სხვა წესი “სინოფარმისთვისაც” იმუშავებს. “სინოფარმით”ვაქცინაციის დასაწყებად მზად ვიქნებით მომავალი კვირიდან, თუმცა გარკვეული პერიოდი დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას. ორკვირიან პერიოდზე ვსაუბრობთ. რადგან ჩვენი მიდგომა იყო, WHO-ის ავტორიზებული ვაქცინები გამოვიყენოთ. ვფიქრობთ, მეტი ნდობა ექნება ვაქცინას, ავოტრიზაციის სტატუსი ექნება იგივე, რაც სხვა ვაქცინებს, რომელიც ქვეყანაში გამოიყენება” ,- აცხადებს თამარ გაბუნია.

ჩინური წარმოების “სინოფარმის” ვაქცინის 100 000 დოზას საქართველო მიმდინარე კვირის ბოლოს მიიღებს. ქვეყანაში ასევე საჩუქრად ჩამოვა კიდევ ერთი ჩინური წარმოების ვაქცინის, “სინოვაკის” 100 000 დოზა. ამ დროისთვის არც “სინოფარმს” და არც “სინოვაკს” ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავოტრიზაცია მინიჭებული არ აქვს, თუმცა “სინოფარმი” აღიარა უნგრეთის მარეგულირებელმა ორგანომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი