მონაზონ სოსანას, რომელიც მორჩილ ნინოსთან ერთად მიტროპოლიტმა სტეფანემ მარტვილის დედათა მონასტრიდან გარიცხა, მონასტერში დღემდე არ უშვებენ, მათ შორის, არც მათი ნივთებისა და წამლების წამოსაღებად.
გუშინ, პირველ აპრილს, მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო თბილისში, საპატრიარქოსთან, გადაყენებული მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას აქციაზე იყვნენ. თბილისისდან მარტვილში დაბრუნებულ მონაზვნებს მონასტერში არ უშვებდნენ, მიუხედავად წვიმისა და სიცივისა.
„პოლიციას გამოუძახა და უთხრა, მონასტერს მირბევენო და მონასტრის ტერიტორია დაატოვებინეო ამ ორ ადამიანსო. ჩვენ ჩვენს მონასტრის კარის გაღებას რომ ვითხოვთ, ეს მიიჩნიეს, როგორც მონასტრის დარბევა. მოვიდა პოლიცია, ავუხსენით ჩვენი მდგომარეობა. მე მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი პოლიციას, დამეტოვებინა ტერიტორია, რომ ჩემთან ერთად იყო 68 წლის მორჩილი, რომელიც იყო ძალიან ცუდად ჯანმრთელობის თვალსაზრისით.
ამიტომ, წვიმაში რომ არ ყოფილიყო და რადგან ღვთის წინაშე მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებელი მე ვარ ამ მომენტში, ამიტომ დავთანხმდი წასვლას, თუ ვინმე, ან მონასტრის წევრი შემიფარებდა“, — იხსენებს ნეტგაზეთთან მონაზონი სოსანა.
როგორც ის იხსენებს, ღამის განმავლობაში მას მოქალაქეებიც ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ კომენდანტის გამო მასთან მისვლას ვერ ახერხებდნენ. ბოლოს, ღამის 2 საათისთვის, მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო ერთ-ერთი ეკლესიის წინამძღვარმა შეიფარა.
მის ვინაობას მონაზონი არ ამხელს, ვინაიდან ეშინია, რომ – „ხვალ ან ზეგ მივლენ და დაარბევენ, განსჯიან იმის გამო, რომ ქრისტეს მცნება აღასრულა“. ამასთანავე, ის დასძენს, რომ მსახურების 14 წლის განმავლობაში მარტვილის მონასტერი ყველასთვის ღია იყო და თავშესაფარს ყველა მსურველს აძლევდა.
„დღეს ჩემს მონასტერში არ მიშვებენ იმის გამო, რომ ეკლესიაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ვსაუბრობდი. მე ეს მდგომარეობა რომ მტკივა, ამის გამო ვიდევნები, სიმართლის თქმისთვის ვიდევნები ჩემი მონასტრიდან.
მე ვთხოვე პოლიციას, რომ ვიჩენ მორჩილებას და მივდივარ სხვასთან ღამის გასათენებლად. მიშუამდგომლეთ მეუფე სტეფანესთან, რომ შემიშვას მონასტერში 5-10 წუთი, რომ ნივთები ავიღო, ამ ადამიანმა თავისი წამლები აიღოს, საათობრივად უწევს ეს წამლები, და წავსულიყავით, დავტოვებდით მონასტერს. პოლიციელმა დაურეკა სტეფანეს რეზიდენციას და ეუბნებიან, რომ სტეფანეს ახლა სძინავს, ვერ ვეტყვით, ვერ დაგეხმარებით, ვერ შევაწუხებთ იმის გამო, რომ ასეთი კურთხევა მოგვცეს. შესაბამისად, ჩვენ სველები, გაყინულები, მოგვაკითხა დედაომ, გადავედით მონასტერში და ვერც მოასწრო კაბამ გაშრობა.. მაცვია და ვდგავარ სიმართლის მხარეს“, — იხსენებს მონაზონი.
ჩვენს კითხვაზე, რას აპირებს სამომავლოდ, მონაზონი სოსანა გვიყვება, რომ ადგილობრივებმა მისი მხარდაჭერის სურვილი გამოხატეს, თუმცა შიშობს, რომ ადამიანებს შორის დაპირისპირება არ მოხდეს.
„ჩვენ, სასულიერო პირები ავალთ. შევეცდებით, კანონების ფარგლებში კიდევ ერთხელ გამოვაფხზილოთ საპატრიარქო, მივაწვდინოთ ხმა კათალიკოს პატრიარქს ,სასწრაფოდ მიიღოს ზომები ამ ადამიანთან [მიტროპოლიტ სტეფანესთან] დაკავშირებით. შედგეს ზნეობრივი პოლიცია და გამოიძიონ, არც სჭირდება გამოძიება, ისეთ ზნეობრივ შეცდომებს იჩენს, პირდაპირ მოხსნან მეტროპოლიტის ხარისხიდან და ეპარქია ჩამოართვან და განაწესონ ეკლესიაში სინანულისთვის, ამ უღირსი საქციელის გამო“. — ამბობს ის.
მონაზონი სოსანა ასევე დასძენს, რომ ღამის 12-ზე მან გაიგო, რომ მიტროპოლიტმა ლენტეხის ერთ-ერთ მონასტერში გაანაწესა:
„გამოდის, რომ 12 საათზე მე ფეხით უნდა წავსულიყავი იმ მონასტერში, არც უზრუნია, რომ ამ კურთხევის შესრულებაში დამხმარებოდა და ღამე სადღაც გამეთია.
უბედურება კიდევ ის არის, რომ არცერთი სასულიერო პირი არ აკეთებს ამ მოვლენების ახსნას. არ აკეთებს არანაირ კომენტარს, არ მოუწოდებენ თავიანთ ძმას, რომ სინანულისკენ მოვიდნენ… მოექცეს ეს ადამიანი გონს. ესაა ყველაზე სამწუხარო მდგომარეობაა ეკლესიაში. ყველა ასეთია, დავიჯერო? კარგი, ეს ვერ ხვდება, მაგრამ სინოდის ყველა წევრი ასეთია?! რატომ დუმან, სად არის კათალიკოს-პატრიარქი, რატომ ვიდევნებით სიმართლისთვის და სიწმინდის დაცვისთვის? რის გამო, იმის გამო, რომ მტკივა უმძიმესი მდგომარეობა?
ჭყონდიდის ეპარქიის ფეისბუქგვერდის ცნობით, მონაზონი სოსანა ბოლქვაძე და მორჩილი ნინო გამყრელიძე მონასტრიდან გარიცხეს. მათივე ცნობით, შესაბამისი ბრძანება ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, სტეფანემ გამოსცა.
“მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევების გამო, მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე) და მორჩილი ნინო (გამყრელიძე) გაირიცხონ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან და სინანულისათვის განწესდნენ ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში. ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე”, — ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვრცლად:
მიტროპოლიტმა სტეფანემ მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო მონასტრიდან გარიცხა