ახალი ამბები

მიტროპოლიტმა სტეფანემ მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო მონასტრიდან გარიცხა

1 აპრილი, 2021 • 1669
მიტროპოლიტმა სტეფანემ მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო მონასტრიდან გარიცხა

ჭყონდიდის ეპარქიის ფეისბუქგვერდის ცნობით, მონაზონი სოსანა ბოლქვაძე და მორჩილი ნინო გამყრელიძე მონასტრიდან გარიცხეს.  მათივე ცნობით, შესაბამისი ბრძანება ჭყონდიდელი მიტროპოლიტმა, სტეფანემ გამოსცა.

“მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევების გამო, მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე) და მორჩილი ნინო (გამყრელიძე) გაირიცხონ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან და სინანულისათვის განწესდნენ ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში. ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე”, — ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც მონაზონი სოსანა “ტვ პირველთან” ამბობს, დღეს, პირველ აპრილს, თბილისში ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრეს აქციაზე იმყოფებოდა, თბილისიდან დაბრუნების შემდეგ კი მონასტერში არ შეუშვეს და ღამით ღია ცის ქვეშ დატოვეს. როგორც მონაზონი ამბობს, მონასტრის გარდა წასასვლელი არსად აქვს და მონასტრიდან წასვლას არ აპირებს. მისი თქმით, ყველაფერზე პასუხისმგბელობა სინოდის წევრებსა და პირადად პატრიარქ ილია მეორეს ეკისრება.

“მივმრთავ სტეფანე კალაიჯიშვილს, რომ გამოიჩინოს ადამიანობა, ქრისტიანობასა და სიყვარულზე უკვე აღარ მაქვს საუბარი. გამოიჩინოს ელემენტარული ადამიანობა იმის, რომ ქუჩაში არ დავრჩეთ”, — განაცხადა მონაზონმა სოსანამ.

მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი ჭყონდიდის ეპარქიას რამდენიმე თვეა ხელმძღვანელობს. მან ეპისკოპოსი გრიგოლი კაცია შეცვალა, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიას მიტროპოლიტ პეტრე ცაავას გადაყენების შემდეგ ხელმძღვანელობდა.

მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებისას ისაუბრა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ბრალდებებზე საპატრიარქოს მიმართ და თქვა, რომ “ეს დიაკვნები მან აცდუნა”

მასალების გადაბეჭდვის წესი