ახალი ამბები

გახელაძის ოჯახის ვიზიტი ცხინვალის ციხეში – რა გავიგეთ

5 აპრილი, 2021 •
გახელაძის ოჯახის ვიზიტი ცხინვალის ციხეში – რა გავიგეთ

ირმა ბუთხუზის მონათხრობის თანახმად, ცხინვალის ციხეში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ დაპატიმრებულ ზაზა გახელაძეს ეუბნებიან, საქართველოს ხელისუფლებამ „ერთი ოსი დათმოს და შენ გაგცვალონო“.

მედიაში ასევე ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ოსური მხარე გახელაძის გათავისუფლების სანაცვლოდ ჩორჩანის საგუშაგოს აღებასა და ოქონის ხატის გადაცემას ითხოვს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს მსგავსი მოთხოვნა არსებულ ფორმატებში არ დაუყენებიათ და სახელმწიფო „უკანონო პატიმრებით ვაჭრობას არ აწარმოებს“.

ოჯახის ვიზიტი ცხინვალის ციხეში – რა გავიგეთ

ზაზა გახელაძე, რომელსაც რამდენიმე თვის წინ თორმეტ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ცხინვალის საპატიმროში პირველ აპრილს „წითელი ჯვრის“ დახმარებით მოინახულეს მამამ, ცოლმა და შვილებმა.

გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს მშობლიურ სოფელ ქვემო ჭალაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სხვილოს ციხის მახლობლად.

მის წინააღმდეგ საქმე „საზღვრის უკანონო კვეთისა“ და „სამხედრო მოსამსახურეზე თავდასხმის“ მუხლებით მალევე აღძრეს, რამდენიმე თვეში კი, 2021 წლის 5 თებერვალს, ორივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს და 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

მეუღლის, ირმა ბუთხუზის მონათხრობიდან, რაც ქმართან 2-საათიან ვიზიტს ეფუძნება, რამდენიმე სიახლე შევიტყვეთ გახელაძის ჯანმრთელობის შესახებ, მის ყოფასა და მდგომარეობაზე.

ირმა ბუთხუზის მონათხრობის თანახმად:

  • გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია — ჭრილობა, რომელიც დაკავებისას მიაყენეს, მთლიანად შეუხორცდა, თუმცა კუნთის მოდუნებას უჩივის და კიბეებზე სიარული დღემდე უჭირს;
  • ციხეში ცუდად არ ექცევიან და არ ავიწროებენ; ასევე, აქვს წვდომა ტელევიზორზე;
  • უიმედოდ არის — რამდენიმე ხნით ადრე გაუჩნდა იმედი, რომ მას გაცვლიდნენ „რუს ჯარისკაცებში, რომლებიც დააკავეს“, თუმცა მათი „გათავისუფლების“ შემდეგ ეს იმედიც გადაეწურა;
    • [საუბარია 7 მარტს მომხდარ ეპიზოდზე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს „ცენტრალური ხელისუფლების მიერ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების დაკავებას“ გამყოფ ხაზთან, თუმცა აცხადებს, რომ პოლიციამ „აღკვეთა საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა“, რის შემდეგაც „პოლიციამ შეაჩერა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები“].

„ვარ სათამაშო, რომ რაღაცაში გამცვალონ“

ირმა ბუთხუზის მონათხრობიდან ასევე გავიგეთ, რომ ციხეში ზაზა გახელაძეს ამ საკითხს, — „გაცვლას“, — ხშირად უხსენებენ, რის გამოც ამბობს:

„მე აქ არც პატიმარი ვარ და არც მძევალი, მე აქ სათამაშო ვარ, რომელიც ოსებს საქართველოს მთავრობასთან საჭიდაოდ ვჭირდები, უნდათ, რომ ჩემზე ფსონები მაქსიმალურად დაიდოს და მერე რაღაცაში გამცვალონ“ [ეს სიტყვები მან თავდაპირველად რადიო თავისუფლებას უთხრა].

„ზაზას სულ ეუბნებიან, რომ თქვენი ხელისუფლება სათანადოდ არ მუშაობს და რა გაუხდა თქვენ მთავრობას, რომ ერთი ოსი დათმონ და შენ გაგცვალონო“, – ამბობს ირმა ბუთხუზი საუბარში.

მისი თქმითვე, მის ქმარს არ ეუბნებიან, თუ კონკრეტულად ვის გულისხმობენ, თუმცა ეუბნებიან, რომ „საქართველოს ოსები ჰყავს დაკავებული და არ გცვლიანო“:

„ციხეში სულ იმას მასმენინებენ, ერთი ოსი მაინც გამოუშვან თქვენებმა, რომ შენში გაიცვალოსო“…

ჩორჩანის საგუშაგო და ოქონის ხატი?

4-5 აპრილს რამდენიმე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოსურ მხარეს ზაზა გახელაძის გათავისუფლების სანაცვლოდ ქართული მხარისგან ჩორჩანის საგუშაგოს აღება ან ოქონის ხატის გადაცემა სურს და ინფორმაციის წყაროდ გახელაძის მეუღლე დასახელდა.

  • ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგო გამყოფ ხაზთან, ხაშურის სოფელ ჩორჩანის ტყეში 2019 წლის აგვისტოში ააგო ქართულმა მხარემ, რაც უსაფრთხოების ექსპერტებმა დადებით ნაბიჯად შეაფასეს; მის დემონტაჟს ცხინვალი გამუდმებით ითხოვს;
  • ოქონის ხატი/სამკარედი/ტრიპტიკონი (ანუ სამნაწილიანი ხატი) არის ისტორიული მნიშვნელობის, სპილოს ძვლისგან დამზადებული, მოვერცხლილი ხატი, რომელიც X საუკუნით თარიღდება და რომელზეც ღვთისმშობელი, ქრისტე და იოანე ნათლისმცემელი არიან გამოსახულნი; მის გადმოცემასაც ხშირად ითხოვს ცხინვალი; ეს საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბოლო რაუნდის შემდეგ კვლავ წამოსწია დე ფაქტო პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა, მურატ ჯიოევმა და ხატის გადაცემას უწოდა „პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისათვის, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხს ნდობა გაუჩნდეს საქართველოს ხელისუფლების მიმართ“.

„ნეტგაზეთი“ ესაუბრა ირმა ბუთხუზს, რომელმაც გვითხრა, რომ მისი ინფორმაციით, მის მეუღლეს ციხეში უშუალოდ მხოლოდ „ოსი პატიმრის“ გადაცემაზე ესაუბრებიან და ზაზა გახელაძეს არ უხსენებია, რომ ვინმემ ჩორჩანის საგუშაგოში ან ოქონის ხატში გაცვლა შეეთავაზებინოს ან ეხსენებინოს.

ბუთხუზის თქმითვე, გახელაძეს, სავარაუდოდ, ტელევიზორში ჰქონდა მოსმენილი, რომ ცხინვალი თბილისისგან ჩორჩანის საგუშაგოს მოხსნას და ოქონის ხატის გადაცემას ითხოვს:

„ეს უკვე ტელევიზიით გაიგო, მე როგორც ვიცი. საგუშაგოც და ხატიც იცის ტელევიზიიდან, რომ ზოგადად აქვთ მოთხოვნა, რომ მოხსნას და გადასცენ… თვითონ არც აქვს იმედი. თვითონ უარს აცხადებს, არც მაქვს სურვილი, გავიცვალოო“, – გვითხრა ირმა ბუთხუზმა.

„უკანონო ტყვეებით არ ვვაჭრობთ“ – სუსი

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ირმა ბუთხუზის მოწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით; ჩვენ უწყებას ვკითხეთ, არსებობს თუ არა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ისეთი დაკავებული პირი/პატიმარი, როგორც ეს ზაზა გახელაძეს ციხეში უთხრეს, რაზეც გვიპასუხეს, რომ „ეს არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას“.

ამასთან, სუს-ში განგვიცხადეს, რომ: „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM-ის) თუ სხვა ფორმატებში [დე ფაქტო მთავრობის მხრიდან] მსგავსი საკითხი დაყენებული არ ყოფილა“ და „ცენტრალური ხელისუფლება უკანონო პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომუნიკაციას ახორციელებს მხოლოდ ამ ფორმატებით“.

სუს-ის თანახმადვე, „სახელმწიფო არც ახლა აწარმოებს უკანონო პატიმრებით ვაჭრობას და ეს არც მომავალში მოხდება“.

„ნეტგაზეთი“ ასევე დაუკავშირდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი მედოევს დამაზუსტებელი კითხვით, ითხოვენ თუ არა ისინი გახელაძის სანაცვლოდ ოქონის ხატის გადაცემას ან ჩორჩანის საგუშაგოს აღებას; ასევე, მისი ინფორმაციით, ჰყავს თუ არა ქართულ მხარეს ისეთი პატიმარი, ვისი გათავისუფლებაც მათ სურთ და აპირებენ თუ არარომელიმე ფორმატში მოლაპარაკებებზე დააყენონ მოთხოვნა გახელაძის მასში გაცვლის შესახებ; მის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი